ნობელიანტი მარიო ვარგას ლიოსა საქართველოში ჩამოდის

© photo: Open School / FBმარიო ვარგას ლიოსა - თანამედროვე მწერალი
მარიო ვარგას ლიოსა  - თანამედროვე მწერალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მწერალი საქართველოში საკუთარი წიგნის - „გასაუბრება კათედრალში" ქართული თარგმანის პრეზენტაციას დაესწრება.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ნობელიანტი მწერალი და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ავტორი მარიო ვარგას ლიოსა თბილისს სექტემბრის შუა რიცხვებში ეწვევა, აცნობეს ჟურნალისტებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ავტორის ქართველმა გამომცემლებმა დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე.

ლიტერატურის აღიარებული გენიოსი თბილისს პირველად ეწვევა>>>

ხორხე მარიო პედრო ვარგას ლიოსა საქართველოში საკუთარი წიგნის „გასაუბრება კათედრალში" ქართული თარგმანის პრეზენტაციას დაესწრება.

„სექტემბერში საქართველოს ეწვევა, ალბათ, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა. ვფიქრობ, ის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა დღევანდელი ლიტერატურისთვის", – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, ეს იქნება მარიო ვარგას ლიოსას პირველი ვიზიტი კავკასიაში. იგი თბილისს მეუღლესთან ერთად ხუთი დღით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ავტორის შეხვედრები არა მარტო ქართველ, არამედ სომეხ და აზერბაიჯანელ გამომცემლებთან და მთარგმნელებთან.

ეკხარტ ტოლე - Sputnik საქართველო
არაგულწრფელობის ნიღაბი, პირქუში დელფინი და მუხა სტრესულ ვითარებაში

გარდა ამისა, გაიმართება შეხვედრები ქართველ მკითხველთან და სტუდენტებთან. ავტორთან შეთანხმებით მზადდება სპეციალური კულტურული პროგრამა, რომლის მიზანია მარიო ვარგას ლიოსასთვის ქართული ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება.

1936 წელს პერუში დაბადებული მარიო ვარგას ლიოსა ცნობილია არა მხოლოდ როგორც ლიტერატორი, არამედ როგორც თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი მოაზროვნე. სამხრეთამერიკელი ავტორი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც.

მარიო ვარგას ლიოსა 20-მდე რომანის, უამრავი მოთხრობის, სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომისა და პიესის ავტორია. მიღებული აქვს არაერთი პრიზი, მათ შორის, სერვანტესის სახელობის პრემია – ყველაზე მნიშვნელოვანი ესპანურენოვან სამყაროში. მან ნობელის პრემია ლიტერატურაში 2010 წელს მიიღო "სიძლიერის სტრუქტურის მისეული შედგენისა და ინდივიდუალური წინააღმდეგობის, ამბოხისა და გამარჯვების მკვეთრი სურათებისთვის".

მისი წიგნებიდან ქართულად ნათარგმნია: „დეიდა ხულია და სცენარისტი", „ცუდი გოგოს ოინები", „ვაცის ნადიმი", „ქალაქი და ძაღლები" „ხუთი კუთხე".

მიმდინარე წელს ქართველი მკითხველი ავტორის კიდევ ორ ნაწარმოებს გაეცნობა – „საუბარი კათედრალში" და „ბოლო ჟამის ომი".

მარიო ვარგას ლიოსა თბილისს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სერვანტესის ინსტიტუტის მოწვევით და გამომცემლობა „ინტელექტთან" თანამშრომლობით ეწვევა. ვიზიტის მხარდამჭერია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. პროექტის სპონსორი კი სასტუმრო „სტამბაა".

 

ყველა ახალი ამბავი
0