შვედეთს თავშესაფრის თხოვნით 1,2 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიმართა

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიშვედეთი
შვედეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავშესაფარი საქართველოს მხოლოდ ხუთმა მოქალაქემ მიიღო.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. 2018 წელს შვედეთის ხელისუფლებას თავშესაფრის თხოვნით საქართველოს 1 260-მა მოქალაქემ მიმართა, ნათქვამია შვედეთის საემიგრაციო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შვედეთის ხელისუფლებამ გასულ წელს საქართველოს მხოლოდ ხუთი მოქალაქის თხოვნა დააკმაყოფილა. ეს ქართული განცხადებების 0,4%-ზე ნაკლებს შეადგენს.

მთლიანობაში, ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებს 2018 წელს სურვილი ჰქონდათ შვედეთში თავშესაფარი მიეღოთ, საქართველო სირიის, ერაყისა და ირანის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.

ბერლინი - Sputnik საქართველო
უვიზო რეჟიმი პანაცეა არ არის - საქართველოს რამდენი მოქალაქე არ შეუშვეს ევროკავშირში

გასულ წელს შვედეთმა თავშესაფრის მაძიებელთა 35 ათასზე მეტი განაცხადი განიხილა, რომელთაგან 32% დააკმაყოფილა.

საქართველოს მოქალაქეების არალეგალური მიგრაცია ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების თვალსაზრისით მთავარი გამოწვევაა. მას შემდეგ, რაც საქართველომ შენგენის ზონის ქვეყნებში ტურიზმის, საქმიანი, მეგობრული ვიზიტების მიზნით მოკლევადიანი (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) უვიზო მიმოსვლის უფლება მოიპოვა, უკანონო მიგრაცია გაიზარდა.

ამასთან დაკავშირებით საკუთარი უკმაყოფილება გამოთქვეს გერმანიაში, საფრანგეთში, შვედეთში, ისლანდიაში. მათი განცხადებით, უვიზო რეჟიმის შენარჩუნება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ზომებს მიიღებს საქართველოს ხელისუფლება მიგრაციის ზრდის შესაჩერებლად.

საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გაამკაცრა კანონმდებლობა უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევებთან დაკავშირებით. ამიერიდან მოქალაქის რეადმისიასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს თავად კონკრეტული მოქალაქე გაიღებს. ამასთანავე გამკაცრდა გვარის შეცვლის პროცედურა, რაც ასევე ხშირად იყო დაკავშირებული ამ პროცესთან.

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, თავის მხრივ, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადა, რაც მათ საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის თხოვნაზე უარის თქმას უმარტივებს. კანონმდებლობაში ანალოგიურ ცვლილებებს ამჟამად კიდევ რამდენიმე ქვეყანა განიხილავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0