თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ირანის 3 მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულთა ასაკი 18 წლიდან 38 წლამდე მერყეობს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ამოიღეს: მორფინის და კოდეინის მარილის შემცველი ნივთიერება, 60 აბი „სუბოქსინი", ბუპრენორფინის შემცველი ფხვნილი, 1,38 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი" (მარილი). დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.