თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძრიდან საქართველოს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ტაძარში ილია მეორემ საზეიმო წირვა ჩაატარა.
„დღეს არის განსაკუთრებული დღე, განიწმინდება ცა და ქვეყანა. დღეს ხარობს ზეცა და მიწა და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ვიხაროთ ორსავე სოფელსა შინა. ნაკურთხი წყალი ეს არის დიდი სიწმინდე. მთელი წლის განმავლობაში ნაკურთხი წყალი უნდა გქონდეთ სახლში, უნდა ასხუროთ სახლი, ეზო, ქუჩები და ბოროტი სული აღარ მოგეკარებათ თქვენ. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. მადლი სულისა წმინდისა იყოს თქვენ ზედა. ჩვენთან არს ღმერთი. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა“, – აღნიშნა პატრიარქმა.
ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინა სადღესასწაულო წირვა, წირვის შედეგ იკურთხება დიდი აიაზმა და ნაკურთხი (განწმენდილი) წმინდა წყალი მორწმუნე მრევლს დაურიგდა.
ნათლისღების წყალი ინახება დიდხანს უხრწნელად და ნებისმიერი მორწმუნე ადამიანი, რომელიც მას რწმენით დალევს, უამრავი სნეულებისგან შეიძლება განიკურნოს.
საქართველოში ნაკურთხი წყლის დიდი რწმენა აქვთ. ხალხში ამბობენ, რომ ნათლისღების დღეს აღებული ჩვეულებრივი წყალიც დიდხანს ძლებს და არ იხრწნება. ძველადაც და ახლაც მიაჩნიათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს, ხევსა თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც იორდანეს — მაცხოვრის ნათლისღებისას.
საქართველოში ასევე ჩამოყალიბდა ტრადიციად, რომ ნათლისღების დღესასწაულზე ნათლულები ულოცავენ ნათლიებს დღესასწაულს და მიდიან მათთან სტუმრად.