საქართველოში ნათლისღებას აღნიშნავენ

გამოწერა
საქართველოში ნათლისღება სახელმწიფო დღესასწაულია და ის უქმე დღედ არის გამოცხადებული

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. 19 იანვარს ნათლისღება, ანუ წყალკურთხევაა — მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე წმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს. წირვა 10:00 საათზე დაიწყება.

სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლისღებას, ანუ მონათვლას, სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის წესი და საეკლესიო პირველი საიდუმლო.

სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო
ნათლისღების დღესასწაული: ქართული ადათ–წესები

საეკლესიო სწავლების მიხედვით, მაცხოვარმა იორდანეში თავისი სამგზის შთაფვლით განწმინდა წყლები.

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება სადღესასწაულო წირვა, წირვის შედეგ ეკურთხება დიდი აიაზმა და ნაკურთხი (განწმენდილი) წმინდა წყალი ურიგდება მორწმუნე მრევლს.

ნათლისღების წყალი ინახება დიდხანს უხრწნელად და ნებისმიერი მორწმუნე ადამიანი, რომელიც მას რწმენით დალევს, უამრავი სნეულებისგან შეიძლება განიკურნოს.

საქართველოში ნაკურთხი წყლის დიდი რწმენა აქვთ. ხალხში ამბობენ, რომ ნათლისღების დღეს აღებული ჩვეულებრივი წყალიც დიდხანს ძლებს და არ იხრწნება. ძველადაც და ახლაც მიაჩნიათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს, ხევსა თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც იორდანეს — მაცხოვრის ნათლისღებისას.

საქართველოში ასევე ჩამოყალიბდა ტრადიციად, რომ ნათლისღების დღესასწაულზე ნათლულები ულოცავენ ნათლიებს დღესასწაულს და მიდიან მათთან სტუმრად. 

ყველა ახალი ამბავი
0