თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დნმ-ის ლაბორატორია, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
უცხოელმა ექსპერტებმა ლუგარის ცენტრის „საიდუმლო“ შეიტყვეს >>
ლაბორატორიის საშუალებით შესაძლებელი იქნება დანაშაულის ადგილიდან ამოღებული ბიოლოგიური ნიმუშების ექსპერტიზის დასკვნების დროული მომზადება. გარდა ამისა, ლაბორატორია 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.
ლაბორატორიაში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზებს გამოიყენებენ. გარდა ამისა, ლაბორატორია ბიუროს ამ ბაზების შევსებაში დაეხმარება.
დნმ-ის ანალიზის მეთოდი 1984 წლის 9 სექტემბერს ბრიტანელმა გენეტიკოსმა ალეკ ჯეფრისმა გამოიგონა. პირველად ეს მეთოდი 1986 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიყენეს.
ამჟამად დნმ-ის ანალიზი გამოიყენება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დროს სხვადასხვა დანაშაულის გახსნის მიზნით, ასევე ნათესაური კავშირის დასადგენად და სხვა ამოცანების გადასაჭრელად, რომელიც პიროვნების იდენტიფიცირებას უკავშირდება.