არასტანდარტული მოგზაურობა: „ყაჩაღი“ ირანელი პოლიციელები და ნარკომოვაჭრეების თავშესაფარი

© photo: Irakli Gedeshuri / FBირაკლი გედეშური
ირაკლი გედეშური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფეხით დავადექი გზას. ორი-სამი კილომეტრი გავიარე და მთელ ამ გზაზე ერთადერთი განათებული შენობა შემხვდა. როგორც მერე გავიგე, ეს აზერბაიჯანელი ნარკომოვაჭრეების თავშესაფარი ყოფილა...

აი, ჩვენი რუბრიკის დღეც დადგა. დღეს მოგზაურობის დროს მიღებულ შთაბეჭდილებებს ირაკლი გედეშური გაგვიზიარებს.

პროფესიით გეოგრაფია, თუმცა ახლა პოლონურ ტურისტულ კომპანიაში მუშაობს, საქართველოს ნაციონალურ პარკებში საცხენოსნო ექსპედიციებს აწყობს სხვადასხვა ჯგუფებისთვის. მისი ვოიაჟი მოულოდნელობებითა და საინტერესო თავგადასავლებით არის სავსე. დანარჩენს ირაკლი თავად გიამბობთ.

© Irakli Gedeshuri / FBირაკლი გედეშური
არასტანდარტული მოგზაურობა: „ყაჩაღი“ ირანელი პოლიციელები და ნარკომოვაჭრეების თავშესაფარი - Sputnik საქართველო
ირაკლი გედეშური

– საცხენოსნო ექსპედიციები საკმაოდ საინტერესოა. ის ჩემ პროფესიასაც მოიცავს და ჩემ ჰობისაც. თითო ტური, ექსპედიცია 9-10 დღე გრძელდება და მთელი ნაციონალური პარკის ტერიტორიის ცხენით შემოვლას ითვალისწინებს, ამჯერად მხოლოდ თუშეთსა და ვაშლოვანში, მაგრამ მომავალი წლიდან დასავლეთ საქართველოც დაემატება. გარდა მოგზაურობისა და ცხენებისა, ჩემი ყველაზე დიდი ჰობი რაგბია.

– რაც შეეხება საზღვარგარეთ მოგზაურობას, პირველად როდის გადაკვეთეთ უცხო ქვეყნის საზღვარი, რომელი ქვეყანა იყო და რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?

– პირველად 2012 წელს თურქეთში, სტამბულში ვიყავი მეგობრებთან ერთად ჩემი საყვარელი ბენდის კონცერტზე. პირველი შთაბეჭდილებები, რა თქმა უნდა, დაუვიწყარი იყო. სტამბული დღემდე ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია. ალბათ ამაზე გავლენა საყვარელმა ბენდმაც მოახდინა და იმ ფაქტმაც, რომ პირველად ვიყავი უცხო ქალაქში. ერთადერთი ცუდი, რაც მახსენდება, 24-საათიანი მგზავრობაა, თანაც საშინელი ავტობუსით.

© photo: Irakli Gedeshuri / FBირაკლი გედეშური
არასტანდარტული მოგზაურობა: „ყაჩაღი“ ირანელი პოლიციელები და ნარკომოვაჭრეების თავშესაფარი - Sputnik საქართველო
ირაკლი გედეშური

– დღეს რამდენად ხშირად მოგზაურობთ, რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?

– შეიძლება ითქვას, რომ ხშირად ვმოგზაურობ. 2018 წელი საკმაოდ კარგი იყო ამ მხრივ – 11 ქვეყანაში ვიყავი, ხან  სამსახურის გამო მიწევდა გამგზავრება, ხან მეგობრებთან ერთად მივდიოდი.

აპრილში პოლონეთში, ვროცლავში ვიყავი კომპანიის მიწვევით. საბედნიეროდ, ჩემი სამსახურის გამო საქმიანი ვიზიტი სათავგადასავლოც გამოდგა. ორი კვირით დამპატიჟეს. აქედან ერთი კვირა პოლონეთში ვიყავი. პარტნიორებს შევხვდი, რანჩოების მეპატრონეებს, ტესტ-გასვლები გვქონდა, ცხენებით პოლონეთიდან ჩეხეთში გადავედით და უკან დავბრუნდით. მეორე კვირა თავისუფალი მქონდა და მეგობრებთან ერთად ისლანდიაში გავფრინდი ხუთი დღით. შემდეგ ისევ ვროცლავში დავბრუნდი.

მერე მაისიდან აგვისტომდე თუშეთში ვიყავი ტურებზე. აგვისტოში ისევ მეგობრებთან ერთად „ავტოსტოპით“ წავედი ირანში, აზერბაიჯანის გავლით. სამი დღე აზერბაიჯანში და ერთი კვირა ირანში ვიმოგზაურეთ. 

იქიდან დაბრუნებული ერთ კვირაში უკრაინაში გავფრინდი ისევ კომპანიის მიწვევით. დასავლეთ უკრაინაში, რუმინეთის საზღვართან ოთხდღიანი ექსპედიცია მქონდა კარპატების მთებში ცხენებით. ეს საკმაოდ საინტერესო თავგადასავალი იყო.

წელი კი ყველაზე ხანგძლივი მოგზაურობით დავამთავრე. ოქტომბრის ბოლოს ბალკანებზე წავედი მეგობრებთან ერთად. საბერძნეთში ჩავფრინდით და იქიდან „ავტოსტოპით“ ალბანეთი, მონტენეგრო, ბოსნია და სერბეთი მოვიარეთ. 21 დღეში თითქმის მთელი ბალკანეთი ვნახეთ, ძირითადად ნაციონალურ პარკებში კემპინგზე ვაკეთებდით აქცენტს. სერბეთიდან უნგრეთში, ბუდაპეშტში გავემგზავრეთ, ბოლო ორი დღე იქ გავატარეთ და საქართველოში დავბრუნდით.

© photo: Irakli Gedeshuri / FBირაკლი გედეშური მეგობრებთან ერთად
არასტანდარტული მოგზაურობა: „ყაჩაღი“ ირანელი პოლიციელები და ნარკომოვაჭრეების თავშესაფარი - Sputnik საქართველო
ირაკლი გედეშური მეგობრებთან ერთად

– რა პრიორიტეტებით არჩევთ ქვეყანას ან ქალაქს?

– ძირითადი პრიორიტეტი ბუნება და, რა თქმა უნდა, ფინანსებია. მუზეუმებს ყველაზე ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ. მგონი, სულ ერთ მუზეუმში ვარ ნამყოფი საქართველოს გარეთ, ისიც 2014 წელს პრაღაში. ესა თუ ის კულტურა, რა თქმა უნდა, ყოველთვის მიმზიდველია, „ავტოსტოპით“ სიარულიც იმიტომ მიყვარს, რომ ადგილობრივებს ვესაუბრები და მეტ დროს ვატარებ ხალხთან. ეს ხერხი ქვეყნის სანახავად და კულტურის გასაცნობად ბევრად უკეთესია, ვიდრე გიდის დაქირავება და მშრალი ფაქტების მოსმენა.

– ყველაზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი რომელი ქვეყანა იყო თქვენთვის?

– თითქმის ყველა ქვეყანა გამორჩეული და განსხვავებული იყო ერთი-ორის გამოკლებით. თუმცა ყველაზე მეტად ალბათ ისლანდია და ალბანეთი მომეწონა. ალბანეთში ერთი კვირა გავატარე და ყველაფერი მოვასწარი, დაწყებული ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე სეირნობით და დასრულებული ქვეყნის სიდიდით მეორე მწვერვალის დალაშქვრით. ძალიან ლამაზი ქვეყანაა და ხალხიც ძალიან მეგობრულია.

რაც შეეხება ისლანდიას, ალბათ ნომერი პირველია ჩემთვის. იქ ერთ-ერთი დიდი ოცნება ავისრულე და ჩრდილოეთის ციალი ვნახე. მოვლენა მდინარის პირას მდებარე ხის კოტეჯის თავზე ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.  ულამაზესი რამაა, რაც კი მინახავს, სიტყვებით ვერ გადმოვცემ.

© photo: Irakli Gedeshuri / FBირაკლი გედეშურის მიერ გადაღებული ფოტო
ირაკლი გედეშურის მიერ გადაღებული ფოტო - Sputnik საქართველო
1/6
ირაკლი გედეშურის მიერ გადაღებული ფოტო
© photo: Irakli Gedeshuri / FBირაკლი გედეშურის მიერ გადაღებული ფოტო
ირაკლი გედეშურის მიერ გადაღებული ფოტო - Sputnik საქართველო
2/6
ირაკლი გედეშურის მიერ გადაღებული ფოტო
© photo: Irakli Gedeshuri / FBირაკლი გედეშურის მიერ გადაღებული ფოტო
ირაკლი გედეშურის მიერ გადაღებული ფოტო - Sputnik საქართველო
3/6
ირაკლი გედეშურის მიერ გადაღებული ფოტო
© photo: Irakli Gedeshuri / FBირაკლი გედეშურის მიერ გადაღებული ფოტო
ირაკლი გედეშურის მიერ გადაღებული ფოტო - Sputnik საქართველო
4/6
ირაკლი გედეშურის მიერ გადაღებული ფოტო
© photo: Irakli Gedeshuri / FBირაკლი გედეშურის მიერ გადაღებული ფოტო
ირაკლი გედეშურის მიერ გადაღებული ფოტო - Sputnik საქართველო
5/6
ირაკლი გედეშურის მიერ გადაღებული ფოტო
© photo: Irakli Gedeshuri / FBირაკლი გედეშურის მიერ გადაღებული ფოტო
ირაკლი გედეშურის მიერ გადაღებული ფოტო - Sputnik საქართველო
6/6
ირაკლი გედეშურის მიერ გადაღებული ფოტო
1/6
ირაკლი გედეშურის მიერ გადაღებული ფოტო
2/6
ირაკლი გედეშურის მიერ გადაღებული ფოტო
3/6
ირაკლი გედეშურის მიერ გადაღებული ფოტო
4/6
ირაკლი გედეშურის მიერ გადაღებული ფოტო
5/6
ირაკლი გედეშურის მიერ გადაღებული ფოტო
6/6
ირაკლი გედეშურის მიერ გადაღებული ფოტო

– ალბათ ძალიან ბევრი საინტერესო და სახალისო თავგადასავალი გადაგხდენიათ მოგზაურობის დროს...

– ყველაზე გამორჩეული და დადებითი, რაც ბოლო მოგზაურობიდან მახსენდება, ალბანეთში მოხდა. საღამოს ჰოსტელში ვიყავით, ლუდს ვსვამდით და ვსაუბრობდით, როცა ჩემმა მეგობარმა „ფეისბუქზე“ ვიდეო იპოვა ალბანელ ტატუ-არტისტ კექი (ცუდი) მარკოზე. ის ჩრდილოეთ ალბანეთში ცხოვრობს და ტატუ-სტუდია ძველ საბჭოთა ბუნკერში აქვს გახსნილი. ეს ბუნკერები მთელი ალბანეთის ტერიტორიაზეა, მათი დიდი ნაწილი განადგურებულია, ხოლო რაც გადარჩა – მიტოვებული. 

ამ კაცმა ერთ-ერთი ასეთი ბუნკერი თავისი ხელით მოხატა და შიგნით ტატუ-შოფი გახსნა, სადაც თავისი წესებით მუშაობს. პირველი წესი ისაა, რომ ვიზიტს ვერ შეათანხმებ. თუ მიხვედი და ადგილზე არ დაგხვდა, სხვა დროს უნდა სცადო. თუ დაგხვდა და გაიკეთე ტატუ, არც ფასია წინასწარ შეთანხმებული. საფასური კი ასეთია: თუ მარკოს მოეწონე, არაფერს გამოგართმევს, თუ არ მოეწონე, ძალიან ძვირია. მოკლედ, გვინდოდა კექი მარკოს ბუნკერს ვწვეოდით, იქნებ გაგვეცნო კიდეც, თუ ადგილზე დაგვხვდებოდა, მაგრამ ზუსტი მისამართი ადგილობრივებმაც არ იცოდნენ. გადავწყვიტეთ, ჩვენით მოგვეძებდა და სწორედ მაშინ შეგვემთხვა ყველაზე მაგარი რამ, რაც იმ დროს შეიძლებოდა შეგვმთხვეოდა: „ავტოსტოპით“ წასვლა გადავწყვიტეთ და... მარკოს ბიძაშვილმა გაგვიჩერა მანქანა.

მოკლედ, მივედით მის ბუნკერში, მარკოც მოვიდა თავისი უცნაური მოტოციკლით, ბუნკერი გაგვიღო, ტატუებიც გაგვიკეთა და იქვე ღამის გათევაც შემოგვთავაზა, რასაც, რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდით. ეს იყო ამ მოგზაურობის, და არა მარტო, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი საღამო.

– უცნაურ, ან კურიოზულ სიტუაციაში თუ ჩავარდნილხართ?

– კურიოზულის არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უცნაური ამბავი ირანი–აზერბაიჯანის საზღვარზე გადამხდა. ჯერ ირანის პოლიციამ დამაყაჩაღა, როდესაც ქრთამის მიცემაზე უარი ვუთხარი. განყოფილებაში მივყავდით, მაგრამ სადღაც ქალაქგარეთ, ტყეში ჩამოგვსვეს და „ფული ან პრობლემაო”, გამოგვიცხადეს. როცა ნახეს, რომ მაინც უარზე ვიყავით, განყოფილებაში წაგვიყვანეს და ბორკილები დაგვადეს. ბოლოს, რაც ირანული ვალუტა გვქონდა, სულ გამოგვართვეს და საზღვარზე გამოგვიშვეს.

აზერბაიჯანის საზღვარი მარტომ გადავკვეთე ღამის ორ საათზე, რადგან გარკვეული პრობლემების გამო ჩემ მეგობრებს თეირანში მოუწიათ დაბრუნება. რომ მეგონა, უარესი აღარაფერი მოხდებოდა და ღამეს სადმე ჰოსტელში, კაფეში ან რესტორანში მაინც გავათევდი, კიდევ ერთი „სიურპრიზი“ შემემთხვა. აღმოჩნდა, რომ ქალაქის აზერბაიჯანული ნაწილი საზღვრიდან 18 კილომეტრში იყო. რა უნდა მექნა? ფეხით დავადექი გზას. ორი-სამი კილომეტრი გავიარე და მთელ ამ გზაზე ერთადერთი განათებული შენობა შემხვდა. როგორც მერე გავიგე, ეს აზერბაიჯანელი ნარკომოვაჭრეების თავშესაფარი ყოფილა. მოკლედ, ღამე იქ გავათიე და მეორე დღეს „ავტოსტოპით“ მოვაღწია საქართველოს საზღვრამდე. ეს იყო ჩემ ცხოვრებაში ყველაზე გრძელი და რთული 48 საათი.

– ამ ისტორიის შემდეგ ცოტა შეუსაბამო კითხვაა, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ, გურმანი ხართ? რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით?

– ვცდილობ ყველა ქვეყანაში გავსინჯო იქაური ტრადიციული კერძი. მაგალითად, ისლანდიაში ზვიგენის პაშტეტი და ვეშაპის ხორცი ვჭამე, საზიზღრობა იყო, მაგრამ გასასინჯად ღირდა.

– საქართველოს შესახებ რას გვეტყვით, საქართველოს კუთხეებში რამდენად ხშირად მოგზაურობთ?

– ძალიან ხშირად, სამსახურის გარეშეც. როცა თავისუფალი დრო მაქვს და შესაბამისი კომპანიაც მყავს, ყოველთვის მივდივარ სალაშქროდ. საქართველოს ყველა კუთხე მაქვს მოვლილი აფხაზეთის გარდა.

– გაქვთ გამორჩეული ადგილი, სადაც არასდროს მოგბეზრდებათ წასვლა?

– თუშეთი! ბოლო დროს ხშირად მიწევს თუშეთში ყოფნა და ყოველ ჯერზე ისეთი ემოცია მეუფლება, თითქოს პირველად მივდივარ და პირველად ვნახულობ ამ ადგილებს. თუშეთის გარდა, არც სვანეთსა და ზემო აჭარაში მომბეზრდება არასდროს წასვლა.

– ექსტრემალურ სიტუაციაში თუ გიმოგზაურიათ?

– ჭაუხებზე, მწვერვალ თიკანაძეზე ავედით მეგობრები ორი წლის წინ, ზღვის დონიდან დაახლოებით 3500 მეტრზე. კიდევ არაგვზე ჯომარდობა და ფასანაურში ზიპლაინით დაშვება ვცადე. შესაძლოა, ეს ჩაითვალოს ექსტრემალურ სიტუაციებში მოგზაურობად.

– ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვისთან ერთად მოგზაურობ. თქვენთვის ყველაზე საუკეთესო და სასურველი თანამგზავრი ვინ არის?

– თითქმის ყოველთვის ახლო მეგობრებთან ერთად მივდივარ სალაშქროდ ან სამოგზაუროდ. საბედნიეროდ, ბევრი ისეთი მეგობარი მყავს, ვისაც ჩემსავით უყვარს სიარული და მოგზაურობა და ერთნაირი ინტერესებიც გვაქვს.

– ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას, რის მონახულებას აპირებთ?

– მინდა და ვგეგმავ მაროკოში წასვლას, მაგრამ, როგორც წესი, რასაც დიდი ხნით ადრე ვგეგმავ, უმეტეს შემთხვევაში არ გამოდის. თითქმის ყოველთვის ექსპრომტად, ერთი კვირით ადრე ვიღებ ხოლმე გადაწყვეტილებას.

ყველა ახალი ამბავი
0