თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. საცხოვებელ სახლთან, რომელშიც გუშინ აფეთქება მოხდა, იმყოფებიან ჟურნალისტები, პოლიცია და მცხოვრებლები, რომლებიც იმედოვნებენ, რომ შეძლებენ სახლში შესვლასა და საჭირო ნივთების გამოტანას, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან.
აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილისა და ვეფხისტყაოსნის ქუჩის კვეთაზე გუშინ, საღამოს ახლად აშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის – ოთხი წლის ბავშვი. საავადმყოფოებში მოათავსეს ათამდე დაშავებული, უმეტესობა ბავშვი. მათი უმრავლესობა ამ დროისთვის უკვე გაწერილია. კლინიკაში რჩებიან ერთი ბავშვი, რომელსაც ღამით რთული ოპერაცია ჩაუტარდა, და ერთი ორსული.
დღეს საქართველოში გლოვის დღეა გამოცხადებული.
„ამ კორპუსის მეორე სართულზე ვცხოვრობ, სადაც აფეთქება მოხდა. იმ მომენტში ფანჯარასთან ვიდექი, მინები აფეთქებისგან სახეში შემომეყარა, აფეთქების ტალღამ უკან გადამაგდო“, – ამბობს ირაკლი დვალიშვილი
მისი თქმით, აფეთქების შედეგად ორივე ლიფტი ჩავარდა. ეს სახლი ექსპლუატაციაში 2018 წლის ბოლოს მიიღეს.
„კორპუსი რომ უხარისხოდ ყოფილიყო აშენებული, ამ აფეთქების შემდეგ მისგან საერთოდ არაფერი დარჩებოდა“, – აღნიშნა ამ კორპუსის სხვა მცხოვრებმა, სახელად გიორგიმ.
მისი თქმით, ამ კორპუსში დაახლოებით 80 სახლია გაყიდული.
ამჟამად ტრაგედიის ადგილზე თხუთმეტამდე ადგილობრივი მცხოვრები იმყოფება. გუშინ, გვიან ღამით მათ სათითაოდ უშვებდნენ ბინებში, რათა აუცილებელი ნივთები გამოეტანათ, უმეტესად ტანსაცმელი, მაგრამ მათ სხვა ნივთებიც სჭირდებათ.
აფეთქების შემდეგ ევაკუაცია მეზობელი კორპუსიდანაც განხორციელა, მაგრამ მხოლოდ იმ ბინებიდან, რომლებიც აფეთქების დროს დაზიანდა. თბილისის მერიამ სასტუმროებში 27 ადამიანი განათავსა – ისინი, ვინც დახმარება ითხოვა.
რა მოხდა?
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, თუმცა ადგილზე მისულმა გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა ვერანაირი ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს. აფეთქება შემოწმებიდან რამდენიმე საათში მოხდა.
ენერგოომბუდსმენი: სავარაუდოდ იკვეთება თანამშრომლის დაუდევრობა ან არაპროფესიონალიზმი>>
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. დამნაშავეებს 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. აღძრული საქმის ფარგლებში უკვე დაკითხეს „ყაზტრანსგაზ–თბილისის“ თანამშრომლები.