თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ მიუსამძიმრეს.
აფეთქება დიდ დიღომში, ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. ბოლო ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია რვა ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილები.
დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მეექვსე სართული მთლიანად ჩანგრეულია, თუმცა მინები ჩამსხვრეულია სხვა სართულებზე, ჩანგრეულია ლიფტიც.
„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა დღეს თავს, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. მინდა, მივუსამძიმრო ეს ტრაგედია ყველას. იაშვილის კლინიკაში ექვს პატარა პაციენტს ვმკურნალობთ. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც იაშვილის კლინიკაში დაშავებულების მოსანახულებლად იმყოფებოდა.
იაშვილის კლინიკაში იმყოფებოდა თბილისის მერი კახი კალაძეც. მისი განცხადებით, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
„მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. დიდი ტრაგედია დატრიალდა. საავადმყოფოში გადმოყვანილი ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, ხვალამდე უნდა იყვნენ ექიმების დაკვირვების ქვეშ და გააგრძელებენ მკურნალობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მომხდარს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც და გარდაცვლილების ოჯახებს მისამძიმრა.
„უმძიმესია დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედია. ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
შსს-ს ცნობით, პოლიციისთვის ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მიწოდებული პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.