თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ლაგოდეხსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
16-17 იანვარს საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ლაგოდეხი“ და „წითელი ხიდი“ საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეები საზღვარზე სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანას ცდილობდნენ.
უწყების ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოსა და აზერბაიჯანის 7 მოქალაქის ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 5 540 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით ათასი ლარის ოდენობის ფულადი ჯარიმა შეეფარდათ.