დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს სასტუმრო დაუთმეს

© Sputnik / STRINGERდაშავებულები დიდ დიღომში აფეთქებისას
დაშავებულები დიდ დიღომში აფეთქებისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასტუმრო „ტეხასში“ 6 ოჯახი დააბინავეს

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებს  სასტუმრო „ტეხასი“ მფლობელმა უფასოდ დაუთმო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„როდესაც გავიგე მომხდარის შესახებ, დავრეკე ქალაქის მერიაში, ხალხს უჭირდა, დაბინავება უნდოდათ და ვთხოვე, ჩემთანაც მოსულიყვნენ. დაახლოებით ღამის 2 საათზე შემოიყვანეს, ანერვიულებულები იყვნენ. დიდუბის გამგეობა, მერია, ყველა ერთად დავდექით და რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენთან ექვსი ოჯახია გადმოყვანილი და კიდევ ორ ოჯახს ველოდებით“, - განაცხადა სასტუმრო „ტეხასის“ მეპატრონე სოსო შენგელიამ.

აფეთქება დიღომში - Sputnik საქართველო
ერთად ერთმანეთისთვის – საზოგადოება დიღომში დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას სთავაზობს

მისი თქმით, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქება მთელი ქვეყნის ტრაგედიაა და ყველა ერთმანეთს უნდა ამოუდგეს გვერდით.

აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილისა და ვეფხისტყაოსნის ქუჩის კვეთაზე გუშინ საღამოს, ახლად აშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის – ოთხი წლის ბავშვი. საავადმყოფოებში მოათავსეს ათამდე დაშავებული – უმეტესობა ბავშვი.

აფეთქების მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, თუმცა, ადგილზე მისულმა გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა ვერ აღმოაჩინეს ვერანაირი ხარვეზი. აფეთქება შემოწმების დასრულებიდან რამდენიმე საათში მოხდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. დამნაშავეებს 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0