თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. დიდ დიღომში ცოტა ხნის წინ მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულთა რაოდენობა კი უცნობია, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.
აფეთქება ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
დაზიანებულია ძირითადად მეექვსე სართული, თუმცა, ჩამსხვრეულია სხვა სართულებზე მინებიც.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. კორპუსში სახლების მინები ჩამსხვრეულია ამჟამად მიმდინარეობს მოსახლეობის სრული ევაკუაცია. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაჰყავთ.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფება პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დ. იაშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსებული დაშავებული სამი მცირეწლოვანი მოინახულა.
„იაშვილის კლინიკაში სამი ბავშვია მოთავსებული. ორის მდგომარეობა მსუბუქია. მესამეს მდგომარეობა საშუალოსა და მსუბუქს შორისაა. მას თავის ქალის ტრამვა აქვს მიღებული. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, დაუზუსტებელი ინფორმაციით სამია", – განაცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან.
სერგეენკოს განცხადებით, კლინიკაში მეოთხე მოზარდსაც ელოდებიან.