ეკა ბესელიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ეპატაჟური გადადგომის შემდეგ აშკარა გახდა, რომ დაპირისპირება უმრავლესობის შიგნით ჯერ მხოლოდ იწყება.
გედევან ფოფხაძის რამდენიმედღიანი მმართველობის შედეგი კი მისი იურიდიული კომიტეტიდან გამოწვევა გახდა. ცხადი გახდა, რომ „ქართულ ოცნებაში“ ახლა უკვე რეალურად დაიწყო ბრძოლა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის.
ექსპერტების დიდ ნაწილს უკვირს, რომ ბესელიას, რომელსაც 3-4 წელია, არ გასჩენია პროტესტი ვანო ზარდიაშვილისა და სხვა პორტირებულების გამო, ახლა გაახსენდა ეს თემა და მოსამართლეთა სია.
რეალურად ლევან მურუსიძე უკვე დანიშნულია უვადოდ, ხოლო სხვა კანდიდატები ხელისუფლებას შესაძლოა ნაკლებად აინტერესებდეს.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და წარსულში ბესელიას თანამებრძოლი მურმან დუმბაძე თვლის, რომ ამ დაპირისპირებით ორივე მხარე პოლიტიკაში დარჩენას ცდილობს.
ბიძინა ივანიშვილი, ერთი მხრივ, ემიჯნება საკმაოდ სკანდალური იმიჯის მქონე ეკა ბესელიას, რომელზეც თვლიან, რომ ბევრი კომპრომატი დაგროვდა. მეორე მხრივ, ბესელიაც ცდილობს დარჩეს პოლიტიკაში, რადგან მან კარგად დაინახა, რომ ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებზე 850 ათასი ხმა მიიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პოზიციები საკმაოდ შესუსტებულია.
შეთქმულების თეორიის მოყვარულები თვლიან, რომ რადგან 2020 წლის არჩევნები დაბალი საარჩევნო ზღვარითა და მრავალპარტიულობით იქნება გამორჩეული, შესაძლოა, თავად ივანიშვილის ინტერესებში იყოს ოცნებისაგან 2-3 რეალური პოლიტიკური ძალის შექმნა. თუმცა ეს მხოლოდ შეთქმულების თეორიის მოყვარულებისათვის. სინამდვილეში კი საქმე გაცილებით მარტივადაა - ირაკლი კობახიძემ შიდა კულუარულ ბრძოლაში თვით ეკა ბესელიასაც კი მოუგო.
საინტერესოა, რომ ქართული ოცნების ის ძველი სახეები, რომელთაც პოლიტიკაში დარჩენა სურთ, სიამოვნებით აღმოჩნდნენ ახალი გუნდის გვერდით. დიდი ხანია ცხადია, რომ კობახიძე-მდინარაძე-თალაკვაძე-ზარდიაშვილი თავიანთი კურსელებითა და მეგობრებით ერთი გუნდია, მაგრამ თუ გიორგი ვოლსკი და გაგა კახიანი მათ გვერდით აღმოჩნდებოდნენ, ნამდვილად რთულად წარმოსადგენი იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოცნების 2020 წლის საპარლამენტო სია პრაქტიკულად ცნობილია.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახალი წლის დღეებში ჩამცხრალი დაპირისპირება, რომელმაც კულუარებში გადაინაცვლა, მალე ახალი ძალით იფეთქებს და საგაზაფხულო სესიებზე უმრავლესობის დაშლით დასრულდება.
სხვათა შორის, ირაკლი კობახიძეს ესეც გათვლილი აქვს. ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში მან თქვა, რომ უმრავლესობას უკვე აღარ აქვს საკონსტიტუციო ცვლილებები მისაღები და მისი დაშლა ტრაგედია არ იქნება.
ინფორმირებული წყაროები ამტკიცებენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს მხარს საკუთარი ძალიან მყარი გუნდის გარდა ოცნების ძველი წევრებიც უჭერენ მხარს. მან ასევე გამოძებნა საერთო ენა იმ „უპატრონოდ დარჩენილ" დეპუტატებთან, რომლებიც სიაშიც და კომიტეტების სათავეებშიც გიორგი კვირიკაშვილის კვოტით მოხვდნენ.
ეკა ბესელიას პოლიტიკიდან, სავარაუდოდ, ათიოდე დეპუტატი თუ გაჰყვება ფრაქციის შესაქმნელად. უკვე გამოიკვეთა, რომ ესენი იქნებიან გედი ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ზაზა პაპუაშვილი, დავით ჭიჭინაძე. თუმცა ჩვენი წყარო უმრავლესობიდან იმასაც ამბობს, რომ ხელისუფლება ბესელიასგან გმირისა და ფრაქციის შექმნას არ დაუშვებს და ასეთ ურჩ დეპუტატებთან შესაბამისი მუშაობა მიმდინარეობს. ასე რომ, გამორიცხული არაა, ეს გაბრძოლება ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის გედის სიმღერად დარჩეს ქართულ პოლიტიკაში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!