თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. რესპუბლიკის მოედანზე, დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართება, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
საახალწლო სოფელში კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება.
ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი კონცერტი გამორჩეული და სიურპრიზებით სავსე იქნება.
„სცენაზე დღეს შევასრულებთ იმ ნაწარმოებს, რომლებიც ძალიან გვიყვარს. სცენისთვის შევარჩიეთ საახალწლო ფერები და, როგორც ყოველთვის, დღესაც იქნება სიურპრიზები ჩვენს კონცერტზე“, - აღნიშნა ნინო ქათამაძემ.
ქართველი ვარსკვლავი მაყურებლის წინაშე ახალი სიმღერებით, ახალ ბენდთან ერთად წარდგება.
ნინო ქათამაძე 1972 წლის 21 აგვისტოს ქობულეთში დაიბადა. პირველად სცენაზე ოთხი წლის გამოვიდა. 1990 წელს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური ინსტიტუტის ვოკალურ განყოფილებაზე ჩაირიცხა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა ჯგუფთან ერთად გამოდიოდა და მონაწილეობდა სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებში.
პროფესიული კარიერა ჯგუფ Insight-თან ერთად ქათამაძემ 1999 წელს დაიწყო. მომღერალი ასრულებს ჯაზის, ბლუზის და world music-ის სინთეზს, მალე მიაღწია წარმატებას როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროპაში. ნინო ქათამაძე საქართველოს, რუსეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების მუსიკალურ ფესტივალებში აქტიურად მონაწილეობს.