„ღირსეული თაობა უნდა აღვზარდოთ“ – სრულიად საქართველოს პატრიარქმა მრევლს შობა მიულოცა

© photo: Sergo Sergi Sergi / FBსრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პატრიარქი მიიჩნევს, რომ ბავშვები სკოლაში ეროვნულ ფასეულობებზე უნდა გაიზარდონ

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ქრისტეშობა მიულოცა და ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა, ყურადღება გაამახვილოს ბავშვების აღზრდაზე.

საქართველოში მართლმადიდებლები ორშაბათს, 7 იანვარს ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს — შობას აღნიშნავენ. შობის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება შედგა. საქართველოს პატრიარქმა სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. 

ალილო - Sputnik საქართველო
საქართველოში დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავენ

„განსაკუთრებული ზრუნვა გვმართებს მომავალ თაობაზე, რათა შემდეგ მათ საყვედური არ გვითხრან, რომ არ დავეხმარეთ, გაცნობიერებული ნაბიჯები გადაედგათ თავისი ცხოვრების გზაზე. მე ურთიერთობა მაქვს პედაგოგებთან და ნაწილობრივ ვიცი ის პრობლემები, რის წინაშეც დღეს საჯარო სკოლა დგას“, – ბრძანა ილია მეორემ.

პატრიარქი მოხარულია, რომ სკოლას იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დაუბრუნდება.

„სასიხარულოა, რომ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მასწავლებელთა ხელფასს გაზრდის და იზრუნებს მათი ავტორიტეტის ამაღლებისთვის; ასევე სასიხარულოა დაწყებით კლასებში ,,დედა ენის” დაბრუნება, მაგრამ გასაკეთებელი კვლავ ბევრია“, აღნიშნა პატრიარქმა.

მისი უწმინდესობის აზრით, სკოლებში ბავშვებს ეროვნულ–ტრადიციულ ფასეულობებზე არ ზრდიან.

„სასწავლო პროგრამებიდან, სამწუხაროდ, თითქმის ამოღებულია ჩვენი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები, ყურადღება არ მახვილდება ჩვენი ერის გმირულ წარსულზე, არ აღინიშნება გამოჩენილ პიროვნებათა და მოვლენათა ღირსსახსოვარი თარიღები; ხშირად არ ეწყობა ექსკურსიები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის გასაცნობად“, – ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქი ასევე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო და სკოლა მშობლებს ბავშვების აღზრდაში უნდა დაეხმაროს.

„ლუკმა-პურის შოვნისთვის სახლიდან გასულ მშობლებს ძალიან ცოტა დრო რჩებათ შვილებისათვის; ამიტომაც სახელმწიფომ და, აქედან გამომდინარე, სკოლამ უნდა იტვირთოს როგორც სწავლების, ისე აღზრდის ფუნქცია“, – აღნიშნულია საშობაო ეპისტოლეში.

ასევე, ილია მეორის აზრით, სკოლებში ყურადღება უნდა მიაქციონ პირად ჰიგიენასაც.

მამუკა ბახტაძე და ილია მეორე - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძემ მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა

„სკოლაში საათები უნდა დაეთმოს პირად ჰიგიენას, ხელსაქმეს, სახელობო მიმართულებებს, ბუნებასთან ურთიერთობას, სოფლის მეურნეობის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შექმნას, უნდა ფუნქციონირებდეს მუსიკალური, სამხატვრო, ლიტერატურული წრეები“, – მიიჩნევს პატრიარქი.

ილია მეორის აზრით, ბავშვების განვითარებისთვის ასევე აუცილებელია აქტიური სპორტული ცხოვრება სკოლებში.

„უმნიშვნელოვანესია სპორტული დარბაზებითა და მოედნებით სასწავლებლების უზრუნველყოფა და სპორტულ წრეებში ბავშვების გაერთიანება, რომ მათ ენერგია აქ დახარჯონ და ჯანმრთელ და ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. სკოლამ უნდა ჩაუნერგოს მოსწავლეებს შრომის სიყვარული, უნარი პატიებისა და სხვისი სიხარულით გახარებისა, სიმართლის დაცვისა და მეგობრის ერთგულებისა, დაჩაგრულის თანადგომისა და, საერთოდ, სიკეთის ქმნისა“, – აღნიშნულია საშობაო გზავნილში.

ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ მოზარდებს აქვთ საშუალება, ჯანმრთელ და ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ, ბრძანა საქართველოს პატრიარქმა.

ყველა ახალი ამბავი
0