ჯოკოვიჩთან მარცხით გაბრაზებული ბასილაშვილი და გოგა ბითაძის უზარმაზარი ნაბიჯები ამერიკისკენ

© AP Photo / Mark Schiefelbeinნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2019 პირველი კვირის სპორტული ამბები Sputnik საქართველოს ჟურნალისტ თამაზ ჩიქვანაიასაგან.

თავდაპირველად გილოცავთ ახალი, 2019 წლის დადგომას. მართალია საზეიმო (სუფრული) განწყობა ჯერ ისევ ძალაშია, მაგრამ სპორტსმენებმა უკვე განაახლეს ასპარეზობები და სასიხარულოა, რომ პირველი წარმატებებიც სახეზეა.

ყატარში, დოჰას ტურნირზე, ამ  წლის პირველი შეხვედრები გამართა  ჩვენმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. პირველ ტურში იოლი გასეირნება გამოუვიდა ესპანელ ალბერტ ვინოლას რამოსთან. მეორე შეხვედრას რუსთა ამომავალ ვარსკვლავ ანდრეი რუბლიოვთან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ნიკას დასაცავი ჰქონდა შარშანდელი ქულები. ქართველ ჩოგბურთელს სულ რაღაც ერთი საათი დასჭირდა  მის დასამარცხებლად და მეოთხედფინალში გასვლით რეიტინგში წინსვლა გაინაღდა. განახლებულ რეიტინგ ლისტში ნიკა მეოცე ჩოგანი იქნება, რაც თავისთავად ხომ კარგია და ნებისმიერ ტურნირზე განთესილთა შორის იქნება.

გულშემატკივრები სტადიონის ტრიბუნაზე - Sputnik საქართველო
2018 წლის ქართული მონაგარი: გასული წლის შემაჯამებელი მიმოხილვა

4 იანვარს ბასილაშვილი მსოფლიოს პირველ ნომერ, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა. მახსოვს 2018 წელს რომის მასტერსზე მათი პირველი შეხვედრა, როცა ნიკამ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია სახელოვან სერბს და 4:6, 2:6 დამარცხდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, პირველ რიგში კი  ქართველი ჩოგბურთელი, რომელმაც ირწმუნა საკუთარი ძალების და გრანდებთან თამაშიც ისწავლა. პირველი სეტი ნიკამ მოიგო 6:4. მეორეში ჯოკოვიჩმა იმარჯვა 6:3. მესამე და გადამწყვეტ სეტში იყო მომენტი, როცა ბასილაშვილს შეეძლო ბრეიქის გაკეთება და ანგარიშში დაწინაურება, მაგრამ სერბმა ძალების უკიდურესი დაძაბვის ხარჯზე მოახერხა მოწოდების დაცვა, შემდეგ კი პარტიის მოგებაც. ჯოკოვიჩთან მარცხი სულაც არ არის სასირცხვილო, მაგრამ სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ ბასილაშვილი ამას შეხვდა არა როგორც გარდაუვალ მოვლენას, არამედ დიდად უკმაყოფილოც გახლდათ. თავად ნოვაკმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა:-„ბასილაშვილის კარგი თამაში ჩემთვის მოულოდნელი სულაც არ ყოფილა, მას მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო დარტყმა აქვს და მასთან გასამკლავებლად თითქმის ორი საათი დამჭირდა“.

ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო
ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალისტების შანსები და ლაშა ტალახაძის მორიგი აღიარება

დოჰას ტურნირის საპრიზო ფონდი 1.3 მილიონი დოლარია, საიდანაც ქართველს 36 ათასი შეხვდა და 145 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა. საინტერესოა, რომ ჯოკოვიჩმა ნახევარფინალში წააგო ტურნირის მომავალ ჩემპიონ ესპანელ ბაუტისტა აგუტთან, რომელიც ნიკას შარშან ჰყავს დამარცხებული. მომდევნო ტურნირი, სადაც ნიკა იასპარეზებს, წლის პირველი დიდი სლემია- ავსტრალიის ღია ჩემპიონატი, რომელიც 14 იანვარს დაიწყება. ბასილაშვილი მეცხრამეტე ნომრად არის განთესილი. მას აუცილებლად სჭირდება ორი წრის გავლა, რომ შარშან მოპოვებული ქულები დაიცვას.

ევროპა-ამერიკის კალათბურთის სამყაროს გაოცებას აგრძელებს ჩვენი 19 წლის გოგა ბითაძე. მისმა ახალმა კლუბმა „ბუდუჩნოსტმა“ მართალია ევროპა ლიგაზე მორიგი მატჩი წააგო იტალიაში, მილანის „ოლიმპიასთან“, მაგრამ გოგა ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა. ის არა მარტო თავის გუნდში იყო გამორჩეული, არამედ შეხვედრის MVP-იც გახდა.  26:50 წუთში 23 ქულა ჩააგდო (12-დან 8 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 8-ჯერ მოხსნა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 3-ჯერ დაუფარა მეტოქეს, მასზე თამაშის წესი 8-ჯერ დაარღვიეს და სარგებლიანობის კოეფიციენტმა 31-იან ნიშნულს უწია. ახალ გუნდში ჩატარებულ ყველა შეხვედრაში ბითაძე თანაგუნდელთა შორის ყველაზე გამორჩეული გახლდათ და ამან ამერიკელ სპეციალისტებს ახალი საფიქრალი გაუჩინა. ამ დროისთვის ისინი ვარაუდობენ, რომ დრაფტზე გოგა პირველი პიკის მეთოთხმეტე ნომერი იქნება, რომლის მფლობელიც „სან ანტონიო სპურსია“, ხოლო მთავარი მწვრთნელი უაღრესად გამოცდილი გრეგ პოპოვიჩი, რომლის ხელშიც ბევრი ახალგაზრდა ტალანტი დაფრთიანდა. პოპოვიჩს ჰკითხეს, რას ფიქრობთ მომავალ დრაფტზეო და ასე უპასუხა:-„როგორც ვიცი, ამ ეტაპზე ახალგაზრდა ქართველი ტალანტის დაბევების საშუალება გვაქვს, მაგრამ როგორც კოლეგები მეუბნებიან, ეს ყმაწვილი ისეთი ტემპით პროგრესირებს, შესაძლოა, მალე ათეულშიც შევიდეს, მაშინ კი ძალიან გაგვიჭირდება მისი ჩვენს გუნდში აყვანაო“.

დღეისათვის სულ ეს იყო, გილოცავთ დამდეგ შობას და წარმატებულ სპორტულ კვირას გისურვებთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0