თბილისი, 6 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კვირას სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს ქრისტეს შობა და უფლის ნათლისღება მიულოცა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა სომეხ ხალხს კეთილდღეობა და სიხარული უსურვა და აღნიშნა, რომ სომეხი და ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა სწორედ სიყვარულსა და ურთიერთგაგებას ეფუძნება, რაც ნამდვილად სამაგალითოა.
სომეხთა სამოციქულო ეკლესია ერთადერთია ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, რომელიც, უძველესი ტრადიციით, ქრისტეშობასა და ნათლისღებას ღვთისგამოცხადების საერთო სახელწოდებით ერთად აღნიშნავს.
სომეხთა ეკლესია მიიჩნევს, რომ ქრისტე თავისივე დაბადების დღეს მოინათლა. ამასთან, ეს ტრადიცია შეიძლება დაკავშირებული იყოს ბიბლიურ შესაქმესთან, სადაც ადამიანი ღმერთმა მეექვსე დღეს შექმნა. ქრისტე ახალ ადამად, კაცობრიობის განმაახლებლად არის მოაზრებული და, შესაბამისად, მის შობას სწორედ წლის მეექვსე დღეს აღნიშნავენ.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის შემადგენლობაში თბილისის, სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და ქვემო ქართლის თემები და 50 მოქმედი ეკლესია შედის.