თბილისი, 6 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა ველისციხესთან საპროტესტო აქციის დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის შოთა დალაქიშვილის ცემის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
გასული წლის 16 დეკემბერს ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია", რომელშიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შედის, თელავში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა. ოპოზიციონერები პოლიციის მოთხოვნას მარშრუტის შემოვლითი გზით გაგრძელების შესახებ არ დაემორჩილნენ და პოლიციის რამდენიმე კორდონი გაარღვიეს. დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის პოლიციელები დაშავდნენ.
ბრალდებული თენგიზ ჯანიაშვილი გურჯაანის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
ჯანიაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით წაუყენეს, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ნაცმოძრაობის" წევრის, შოთა დალაქიშვილის ცემისთვის კიდევ ორი ადამიანი სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. დალაქიშვილი 16 დეკემბერს ოპოზიციისა და პოლიციის დაპირისპირების დროს ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. მოგვიანებით ქართულმა მასმედიამ განაცხადა, რომ მას ყბა გაუტეხეს და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
ინაუგურაციის დღეს სოფელ ველისციხესთან მომხდარი არეულობის საქმეზე ასევე „ნაცმოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე დააკავეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ძალადობისა და პოლიციელზე თავდასხმის მუხლებითაა აღძრული. გამოძიების მონაცემებით, კირკიტაძე პოლიციის ავტობუსში შეღწევას ფანჯრიდან ცდილობდა და ტრანსპორტში მჯდომ პოლიციელს დაარტყა.