თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია Wucher Helikopter Gmbh-ზე ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა, ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრიული კომპანია Wucher Helikopter Gmbh მიმდინარე წლის 15 იანვრიდან 15 აპრილამდე გუდაურის, მესტიისა და გოდერძის საკურორტო ზონებში განახორციელებს ოპერირებას.
„კომპანია Wucher Helikopter Gmbh 3 ერთეული AS 350 B3 Ecureuil-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით Heli-skiing ტურებს მოემსახურება, რაც ვერტმფრენებით მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისაგან წინასწარ დაკომპლექტებული ტურისტული ჯგუფების გაუკვალავ თოვლში გადასხმას და მათთვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს. ნებართვა Wucher Helikopter Gmbh-ზე, რომელიც საქართველოს ზამთრის საკურორტო ზონებში 2013 წლიდან ოპერირებს, 2019 წლის 4 იანვარს გაიცა“, -ნათქვამია განცხადებაში.
ფრენები ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში და ვიზუალური ფრენის წესებით დაიშვება.
უწყების ცნობით, კომპანიის ოპერირება ხელს შეუწყობს უცხოელი ტურისტების მოზიდვას საქართველოს სათხილამურო კურორტებზე და უზრუნველყოფს ზამთრის ტურიზმისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას.