თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. ძლიერმა ქარმა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შსს–ს ინფორმაციით, დაშავდა ორი მოქალაქე, დაზიანდა ორი ავტომობილი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ–ის 240–ე მუხლით, რომელიც სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დამნაშავეს ელოდება ჯარიმა, ან გამასწორებელი სამუშაოები ორი წლის ვადით, ან თავისუფლების შეზღუდვა ორ წლამდე ვადით.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში ძლიერი ქარის გამო მოსახლეობიდან 11 შეტყობინება შევიდა. ქალაქში ძირითადად დაზიანებულია ხეები.