თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. მაგნიტოგორსკში საცხოვრებელი მრავალბინიანი სახლის ჩამონგრევის შედეგად 39-ვე დაღუპულის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს, იუწყება РИА Новости საგანგებო სიტუაციების მინისტრის პირველ მოადგილეზე, ალექსანდრ ჩუპრიანზე დაყრდნობით.
მაგნიტოგოტსკში მაშველებმა ნანგრევების ქვეშ 11 თვის ბავშვი იპოვეს >>
მაგნიტოგოტსკში 31 დეკემბერს დილით, დაახლოებით 6 საათზე ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ–ერთი სადარბაზო ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ჩამოინგრა. დანგრეულია 26 ბინა, სულ ნგრევის ზონაში 120 ადამიანი ცხოვრობდა.
„დღეს ამოვიყვანეთ ბოლო, 39-ე ცხედარი, გარანტიას ვიძლევით, რომ შენობაში ადამიანები აღარ არიან. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო სამაშველო ოპერაციას ასრულებს... სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მთავრდება და გადადის საინჟინრო-სამშენებლო სტადიაში“, - განაცხადა ჩუპრიანმა.
მისი თქმით, ამჟამად ამოცნობილია 38 ცხედარი. მათ შორის არის 6 ბავშვის, 12 მამაკაცის და 20 ქალის ცხედარი. ამოსაცნობი დარჩა ერთი ქალის ცხედარი.
დილანდელი მონაცემებით, ნანგრევებში იპოვეს და გადაარჩინეს ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია.
დღის განმავლობაში მეხუთე, მეექვსე და მერვე სადარბაზოების მაცხოვრებლებს ნახევარი საათი მისცეს იმისათვის, რომ ისინი მაშველების თანხლებით პირადი ნივთებისა და საბუთების ასაღებად საკუთარ სახლებში შესულიყვნენ.