თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავებული 16 პაციენტი მკურნალობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
დაშავებული პაციენტებიდან სამს ოპერაციული ჩარევა დასჭირდა. მიზეზი, სავარაუდოდ, პიროტექნიკის არასწორი გამოყენებაა.
„იაშვილის კლინიკის სტაციონარში ამჟამად 16 პაციენტი იმყოფება. გუშინ შემოვიდა 12, დღეს ოთხი. გადმოყვანილები არიან რაიონებიდან. მიმდინარეობს სამი პაციენტის ოპერაციული მკურნალობა. დაზიანებულია არა მარტო ძვლოვანი ქსოვილი, არამედ რბილი ქსოვილების მასიური დაზიანება აღენიშნებათ. ამ ეტაპზე შემანარჩუნებელი ოპერაციები მიმდინარეობს“, – კლინიკის განაცხადა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ირაკლი ვარძუკაშვილმა.
პიროტექნიკის შედეგად დაშავებულთა რიცხვი მატულობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც. ქუთაისში პიროტექნიკის არასწორად გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებებით რეფერალურ პოსპიტალში 31 დეკემბრიდან დღემდე 11 ადამიანი მოხვდა; კახეთის საავადმყოფოებში – ოთხი.
საქართველოში მალე არასრულწლოვნებზე პიროტექნიკის მიყიდვა აიკრძალება. კანონპროექტის თანახმად, კომპანია 200 ლარით, ფიზიკური პირი კი 100 ლარით დაჯარიმდება. თუ წლის განმავლობაში კონკრეტული კომპანია კანონს ხელმეორედ დაარღვევს, ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 400 ლარამდე გაიზრდება, ფიზიკური პირის შემთხვევაში კი – 200 ლარამდე.