თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. 2019 წლის პირველი იანვრიდან სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები გახუთმაგებულ დახმარებას მიიღებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
თუ სოციალურად დაუცველთა ოჯახებში არასრულწლოვნები ცხოვრობენ, თითო ბავშვზე დამატებით კიდევ 10 ლარს იღებენ. პირველი იანვრიდან კი 16 წლამდე ბავშვებისთვის ეს დახმარება 50 ლარამდე გაიზრდება.
დაფინანსების გაზრდა გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაზეა დაფუძნებული. საქართველოში 143 ათასზე მეტი ბავშვი სოციალურად დაუცველია და მათი გარკვეული ნაწილი შიმშილს განიცდის.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) 2017 წლის კვლევების თანახმად, საქართველოში ღარიბების რაოდენობა ბოლო ორ წელიწადში 2,1%-დან 5%-მდე გაიზარდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში თითქმის ყოველი მეხუთე ბავშვი ცხოვრობს ოჯახში, სადაც საარსებო ელემენტარული პირობები არ არის.
სოციალურად დაუცველთა ოჯახების ბავშვებზე დახმარების თანხის გაზრდის შესახებ ნოემბრის დასაწყისში ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.