თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. იტალიის ქალაქ პიზის ციხეში ქართველი პატიმარი ბადრაგს თავს დაესხა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იტალიურ მედიაზე დაყრდნობით.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ციხის ბადრაგი პატიმრის სხვა ადგილას გადაყვანას ცდილობდა, რა დროსაც საქართველოს მოქალაქემ ერთ-ერთ მათგანს თავში ჩაარტყა.
სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, მოგვიანებით კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ციხის თანამშრომლების მიმართ წარსულშიც აგრესიულად იქცეოდა.
იტალიის პენიტენციური პოლიციის ასოციაციის გენერალური მდივნის ლეო ბენედუჩის განცხადებით, იტალიის ციხეების თანამშრომლებზე თავდასხმები ხშირად ხდება, რადგან შესაბამისი წესების არარსებობის გამო, პატიმრები აღნიშნული ქმედებისთვის არ ისჯებიან.