ქუთაისში 52 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

გამოწერა
2013 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით საცხოვრებელი ფართი 17 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდა.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 52 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში ოფიციალურად გადასცა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სახელმწიფო დევნილთათვის მენაშენეებისგან 400 ბინას შეისყიდის>>>

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ბინები იმ დევნილმა ოჯახებმა მიიღეს, რომლებიც, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ავარიულ სახლებში ცხოვრობდნენ.

მინისტრმა დევნილ ოჯახებს სიმბოლური გასაღებები საზეიმო ვითარებაში გადასცა.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძემ დევნილ ოჯახებს ბინები გადასცა

დევნილებისთვის ახლად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში 14 ერთოთახიანი, 26 ოროთახიანი, 12 კი სამოთახიანი ბინა განაწილდა.

2013 წლიდან დღემდე იმერეთის რეგიონში ახალაშენებულ და რეაბილიტირებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 1,3 ათასამდე დევნილ ოჯახს გადაეცა, საქართველოს მასშტაბით კი საცხოვრებელი ფართი 17 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდა.

იმისთვის, რომ მოხდეს დაკანონება ან ახალი ფართების მიღება, დევნილებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით უნდა მიმართონ.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 267 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.

 

ყველა ახალი ამბავი
0