თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხორცისა და ხორცპროდუქტების ისეთ ადგილებზე შეძენისგან, სადაც პროდუქტის შეძენის პირობები არ არის დაცული, იუწყება Новости-Грузия სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაზე (FAO) დაყრდნობით.
ახალი წლის დღეებში ხორცპროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება, რის გამოც, სპეციალისტების განცხადებით, ხორცი არასათანადო პირობებში იყიდება. გარდა ამისა, ხშირად არ არის მითითებული, სად მოხდა საქონლის დაკვლა.
„საქონლის ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს რიგ გარემოებებს: ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია 2-დან 6-გრადუსამდე, ხოლო, შენახვის ვადაა 48 საათი", – ნათქვამია განცხადებაში.
სპეციალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ ხორცის შეძენისას ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე მაჩვენებელს: ქვეყანა, სადაც მდებარეობს სასაკლაო, პროდუქტის დამზადების თარიღი და საათი. თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება.
„გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას და საეჭვო შემთხვევების გამოვლენისას გთხოვთ დარეკოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15–01", – ნათქვამია განცხადებაში.
FAO და სურსათის ეროვნული სააგენტო ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისგან, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. ეს ეხება სხვა პროდუქტებსაც, მაგალითად, რძეს, ყველს, თევზს და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სახეობის ხორცი მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ხორციც. ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილზე იმ მაცივარზე, რომელშიც პროდუქტი ინახება.