პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე მონაცემები განახლდა

© photo: Sputnikლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის ჯამური დავალიანების თანხა თითქმის 4 მილიარდ ლარს აღწევს.

თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე vali.ge მონაცემები განახლდა და მოვალეთა ერთიან ბაზას კიდევ შვიდი საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა, აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალი ინიციატივა მიმდინარე წლის ნოემბერში გაახმოვანა, რომლის თანახმად, ახალ წლამდე საბანკო დავალიანება ჩამოეწერებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ე.წ. შავ სიაში არიან მოხვედრილი. „შავ სიაში" შედიან ადამიანები, რომლებიც დროულად არ ფარავენ საბანკო დავალიანებებს, რა დროსაც გროვდება დიდი ჯარიმები და ვალის მთლიანი მოცულობა იზრდება.

ეროვნული ვალუტა - Sputnik საქართველო
რატომ მოხვდა გარდაცვლილთა სასესხო დავალიანება სესხების განულებისთვის შექმნილ ბაზაში

ნოემბერში პრემიერმა განაცხადა, რომ საუბარი ეხება 1,5 მილიარდ ლარს, რომლითაც დაიფარება საფინანსო ორგანიზაციების წინაშე 600 ათასი მოქალაქის საბანკო დავალიანებები. არსებული ინფორმაციით, ამ ვალების ჩამოწერას „ქართუ ბანკი" ითავებს, რომლის დამფუძნებელია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

ე.წ. შავ სიაში შეყვანილი მოქალაქეების სასესხო დავალიანების შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ვებ-გვერდზე vali.ge 10 დეკემბრიდან გახდა ხელმისაწვდომი. თუ მსესხებელი აღნიშნულ ონლაინ-ბაზაში საკუთარ მონაცემებს იპოვის, მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში ვებ-გვერდზე მითითებული დავალიანება გაუნულდება.

ამ დროისთვის ვებ-გვერდზე ატვირთულია ინფორმაცია 586 ათასზე მეტი მსესხებლის მილიონზე მეტი სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა კი თითქმის 4 მილიარდ ლარს აღწევს.

ვებ-გვერდზე ამ ეტაპზე ატვირთულია შემდეგი ბანკებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები: სს „საქართველოს ბანკი", სს „თიბისი ბანკი", სს „ლიბერთი ბანკი", სს „სილქ როუდ ბანკი", სს „ხალიკ ბანკი საქართველო", სს „იშბანკი საქართველო", სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია", სს „ბაზის ბანკი", სს „ტერა ბანკი" და სს „კრედო ბანკი“.

ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო
ახალი საკრედიტო მენიუ, ანუ რა მოჰყვება განულებას?

აღნიშნულ ვებ-გვერდზე ასევე ატვირთულია შემდეგი საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები: შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო", შპს „ემ.კოლექტორი", შპს „კრედიტ ექსპერტ ჯორჯია", შპს „გრანატ კაპიტალ", შპს „გრანატ ინვესთმენთ", შპს „პრობლემური აქტივების ბიურო“, შპს „ფინანსური ბიურო", შპს „ფინანსური მონიტორინგის ბიურო", შპს „ფინანსური სექტორი", შპს „კრედიტლაინი", შპს UNIVERSAL SERVICE, სს „მისო ინტელექსპრესი", შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ", სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაიკრო ფინი", შპს „მონლაინ" და შპს „საკრედიტო ისტორიათა ქართული ბიურო".

უწყების ცნობით, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში ერთიან მონაცემთა ბაზას მათი მონაცემებიც დაემატება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვალები ჩამოეწერებათ იმ პირებს, ვინც გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს. საუბარია იმ ადამიანებზე, ვისაც კრედიტი მის განულებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე აქვს აღებული და პროცენტი არც ერთხელ არ გადაუხდია; ასევე თუ აღებული კრედიტის ძირითადი ოდენობა პროცენტებისა და ჯარიმების გარეშე 2 ათას ლარს არ აღემატება.

 

ყველა ახალი ამბავი
0