თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ყოველდღიური საპროტესტო აქციები დააანონსა, რომელიც სამშაბათიდან დაიწყება.
ოპოზიციური ბლოკი „ძალა ერთობაშია", რომლის შემადგენლობაშიც შედის „ნაცმოძრაობა", საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას მოითხოვს.
ველისციხესთან დაშავებული პოლიციელები საავადმყოფოში გადაიყვანეს>>>
„ჩვენ უკვე ხვალინდელი დღიდან ვიწყებთ აქციებს, რომელიც ერთი დღითაც არ შეწყდება. ახლა არ მკითხოთ, რა აქციები იქნება, ამის შესახებ ჩვენს მომხრეებს დღეს, საღამოს ვაცნობებთ. ხვალ ჩვენ აქციებს ვიწყებთ, რომელიც იქნება მშვიდობიანი საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში", – განაცხადა ვაშაძემ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
შსს-ში ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებს პრობლემად არ მიიჩნევენ იმ შემთხვევაში, თუ იგი კანონის ფარგლებში გაიმართება, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.
„თუ ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნება, არანაირი პრობლემა არაა. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გამართავს აქციას. პოლიციამ მთელი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ თავისუფალი აზრის გამოხატვას პატივს სცემს", – აღნიშნა მან.
„ძალა ერთობაშია" და მისი მომხრეები გუშინ თელავში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდნენ.
თუმცა პოლიციელებმა ოპოზიციის ავტომანქანები თელავიდან 30 კილომეტრში გააჩერეს და მოსთხოვეს ან ფეხით გადაადგილება, ან მარშრუტის ალტერნატიული გზით გაგრძელება, რაც გახდა დაპირისპირების მიზეზი. ოპოზიციონერებმა რამდენჯერმე გაარღვიეს კორდონი და დააზიანეს პოლიციელთა ავტომობილები.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.