თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის ხელისუფლების მიერ რუსეთში ექსტრემისტულად ცნობილი და აკრძალული ორგანიზაცია „ყირიმელ თათართა მეჯლისის“ წარმომადგენლების მხარდაჭერა სახიფათო ანტირუსული სვლაა, განაცხადა ყირიმის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა გიორგი მურადოვმა.
მანამდე უკრაინული მედია იუწყებოდა, რომ მეჯლისის ერთ-ერთი ლიდერი მუსტაფა ჯემილევი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა, რა დროსაც მხარეებმა „რუსეთის ბოლო აგრესიული აქტებისა და ყირიმელ თათართა მორიგი დაკავებების შესახებ ისაუბრეს“.
„ექსტრემისტული ძალების მხარდაჭერას, რაც ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მე სახიფათო ანტირუსულ სვლად შევაფასებდი“, — განაცხადა მურადოვმა.
მისი თქმით, ისტორიის განმავლობაში, როდესაც თურქული პროსახელისუფლებო ელიტის წარმომადგენლები ეჭვქვეშ აყენებდნენ რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ყოველთვის ნეგატიური შედეგები დგებოდა და ცუდად მთავრდებოდა, პირველ რიგში, თავად თურქეთისთვის“.
„სასურველი იქნებოდა, რომ ეს გამოცდილება ისტორიაში დარჩეს. ისტორია - ეს მასწავლებელია და ჩვენი სამომავლო ქცევების ინდიკატორი“, — ხაზგასმით აღნიშნა მან.
მურადოვის თქმით, ეგრეთ წოდებული მეჯლისი იურიდიულადაც კი არ არსებობს.
„შეგახსენებთ, რომ მეჯლისი უკვე დიდი ხანია, არ არსებობს. ყირიმელმა თათრებმა ყურულთაიზე (ყრილობა) მმართველობის ახალი ორგანო — შურა (საბჭო) აირჩიეს სულიერი ლიდერის, მუფთი ემირალი აბრალიევის მეთაურობით. ამიტომ მოქალაქე ჯემილევი თვითმარქვიაა და ყირიმელების მიმართ მტრულ მოღვაწეობას ეწევა“, — აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.