გაერთიანებული ოპოზიცია რუსთაველზე კარვებს შლის

© Sputnik / Alexander Imedashviliკარვების გაშლა პარლამენტთან
კარვების გაშლა პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეები მხარდამჭერებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ელოდებიან

თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. თელავში დაგეგმილი აქციის ჩაშლის შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად თბილისში, რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან  და პარლამენტის შენობის წინ კარვებს შლიან, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

დღეს თელავში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა. ასევე, ინაუგურაციის პარალელურად ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი ქართული საზოგადოების გაძლიერებას სოლიდარობაში ხედავს

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები თელავში ჩასვლას ცდილობდნენ, თუმცა საპატრულო პოლიციამ მათი კოლონა ჯერ გომბორის გზაზე არ გაატარა, მოგვიანებით კი გურჯაანის სოფელ ველისციხეში გზა ავტობუსებით ჩაუხერგა, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ოპოზიციის წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც თბილისიდან დაძრული კოლონა თელავში არ შეუშვეს. მათი განცხადებით, ისინი დაშლას არ აპირებენ და სწორედ რუსთაველის გამზირიდან გააპროტესტებენ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისთვის მმართველი პარტიის მიერ მოპარულ არჩევნებს. არჩევნების გაპროტესტების გარდა, ისინი მოითხოვენ საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადაყვანას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას.

გარდა იმ კარვებისა, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ შვილმკვდარი მამების აქციის მონაწილეებს აქვთ გაშლილი, რუსთაველის გამზირზე  გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ორი ახალი კარავი მიიტანეს, წარწერით „არა სალომეს”.

„ჩვენ დღეს დაშლას არ ვაპირებთ. ჩვენ ვაპირებთ, გავაპროტესტოთ ის მოპარული არჩევნები, რომელიც წაართვეს ხალხს კრიმინალებმა“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

აქციის მონაწილეები ათამდე კარვის გაშლას აპირებენ და მხარდამჭერებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ელოდებიან.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი კენჭს იყრიდა როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. თუმცა მას მხარს აქტიურად მმართველი პარტია უჭერდა. ზურაბიშვილს ხმა მისცა 1,1 მილიონმა ამომრჩეველმა, ანუ არჩევნებზე მისული ამომრჩევლების 59,52%-მა.

ყველა ახალი ამბავი
0