შსს: სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი

© Sputnik / Alexander Imedashviliშსს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს
შსს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა დააზიანეს

თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს თელავში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება. ასევე, ინაუგურაციის პარალელურად ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.

მომზადება ინაუგურაციისთვის - Sputnik საქართველო
ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება კახეთში: ოპოზიციას თელავში მისასვლელი გზა გადაუკეტეს

როგორც შსს-ს მიერ დღეს დილით გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში იყო აღნიშნული, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდებოდა.

თელავის მიმართულებით მიმავალ ოპოზიციის კოლონებს დილით გზა სამართალდამცველებმა გომბორის უღელტეხილზე გადაუკეტეს, ამიტომ მათ სვლა ალტერნატიული გზით განაგრძეს.  შემდეგ კი თელავისკენ მიმავალ ოპოზიციის კოლონებს საპატრულო პოლიციამ გზა გურჯაანის სოფელ ჩუმლაყშიც ავტობუსებით ჩაუხერგა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, შეთავაზებული ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის უსაფრთხო მარშრუტი თბილისი-ყვარელი-თელავის მიმართულებით, ასევე ალტერნატიული ტრანსპორტი, რომელიც ფეხით მოსიარულეებს თელავში უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფდა.

„მიუხედავად პოლიციის მიერ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეთავაზებისა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის სამზადისი თელავში - Sputnik საქართველო
თელავში სამართალდამცველთა უპრეცედენტო მობილიზაციაა

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. საპროტესტო მსვლელობის და აქციების მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თელავში მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნებიან საპოლიციო ძალები, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია და  უზრუნველყოფილი იქნეს  როგორც ინაუგურაციის მშვიდ გარემოში ჩატარების საკითხი, ისე საპროტესტო აქციების მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლება და ყველა მოქალაქის უსაფრთხოება.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის  ცერემონია 15:00 საათზე დაიწყება და 49 წუთს გაგრძელდება. ცერემონიის შემდეგ კი თელავის თეატრში საზეიმო მიღება გაიმართება. ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე სტუმრები 50-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოვლენ, მათ შორის სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და სხვ.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურში ხმების 59,52% მოიპოვა. მისი კონკურენტი ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე იყო, რომელიც კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა.

ყველა ახალი ამბავი
0