ინაშვილი VS მელია: პარლამენტის დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

გამოწერა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს ცოტა დააკლდათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების განხილვისას მუშტი-კრივზე არ გადასულიყვნენ.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. სიტყვიერი დაპირისპირება საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერების შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდს დანაშაულებრივი რეჟიმი უწოდა. ეს დეპუტატს „ნაცმოძრაობიდან" ნიკა მელიას უპასუხოდ არ დაუტოვებია. რა თქვა მელიამ, ცუდად ისმის – მისი მიკროფონი გამორთული იყო, რადგან სიტყვით ინაშვილი გამოდიოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ინაშვილმა შეურაცხყოფილად იგრძნო თავი.

ინაშვილი ხელების ქნევით წამებში გაჩნდა მელიასთან. დანარჩენი დეპუტატები გამშველებლის პოზიციაში დადგნენ. ერთადერთი, რაც ინაშვილმა მოახერხა, ხელი მაგიდას დაარტყა და მელიას სახეში ქაღალდები შეაყარა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ოპოზიცია ჩივის, ზურაბიშვილი კი აღიარებას მოითხოვს

ამის შემდეგ კონფლიქტის კერები პლენარული სხდომის სხვადასხვა კუთხეში გაჩნდა. უკვე ძნელი გასაგები გახდა, ვინ ვის აშველებდა და ვინ ცდილობდა პოლიტიკურ ოპონენტებს „დამსახურებულად" გასწორებოდა. შეხლა-შემოხლაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრებიც მონაწილეობდნენ.

რაღაც მომენტში დაპირისპირებულები სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.

ამ დროს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მშვიდი ტონით განაცხადა, რომ მელიამ კლოუნადა მოაწყო. მან ასევე მოუწოდა „ნაციონალურ მოძრაობას", რომ არჩევნებში მარცხი აღიარონ.

სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გახდა პარლამენტში დაპირისპირების მიზეზი. „ნაცმოძრაობამ" შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა. მათ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში დასდეს ბრალი.

ახლად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0