მამუკა ბახტაძემ სვანეთიდან 13 წლის გიდი დააჯილდოვა

© photo: Guram Sherozia's blog / FBგიორგი ქოჩქიანი
გიორგი ქოჩქიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სწორედ ასეთი ადამიანების წყალობით უყვართ და მოსწონთ საქართველო მთელ მსოფლიოში.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 13 წლის გიორგი ქოჩქიანს, რომელიც უშგულში ცხოვრობს, „მთის შვილის" წოდება მიანიჭა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დაჯილდოება მთის დღისადმი მიძღვნილ სპეციალურ ღონისძიებაზე გაიმართა. ბახტაძემ ცნობილი ევროპელის მონათხრობი გაიხსენა და აღნიშნა, რომ გიორგი ქოჩქიანი მაგალითია იმისა, თუ როგორი თაობა იზრდება მთებში.

„ევროპიდან სტუმარი მყავდა, რომელიც ძალზე ცნობილი მეცნიერია. იგი მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაშია ნამყოფი და ამ ქვეყნების შესახებ წერს წიგნს, რომელშიც ადგილობრივი გიდების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა. ამ ადამიანმა მითხრა, რომ სვანეთში, უშგულში არის ბიჭი, რომელიც ყველაზე საინტერესო გიდია, ვისთანაც კი შეხება ჰქონია", – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი ადამიანების წყალობით უყვართ და მოსწონთ საქართველო მთელ მსოფლიოში.

„ეს საუკეთესო მაგალითია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამბობენ, რომ სოფლებში მოსახლეობის შენარჩუნება არაეფექტურია. საქართველოს მთა ჩვენი მთავარი სიმდიდრეა", – განაცხადა ბახტაძემ.

გიორგი ქოჩქიანი ხუთ ენაზე საუბრობს – ქართულ, ინგლისურ, რუსულ, თურქულ და ივრითულ ენებზე, გარდა ამისა, სწავლობს ესპანურს. დარწმუნებულია, რომ პროფესიონალი გიდისთვის ბევრი ენის ცოდნა აუცილებელია.

„მე მთაში ვცხოვრობ და მთაში ცხოვრება თითოეული ადამიანისთვის სიამაყეა. მთაში ცხოვრება ესაა სუფთა ჰაერი, არავითარი გამონაბოლქვი იქ არ არის და ძლიან ბევრი ტურისტია", – თქვა გიორგიმ დაჯილდოებაზე.

პატარა გიდს ბევრი გეგმები აქვს. გიორგის სურს სწავლის გაგრძელება, სურს განვითარდეს როგორც გიდი, თუმცა საკუთარი მშობლიური მხარის დატოვებას არ აპირებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0