თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერიამ დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების საახალწლო გაფორმება დაიწყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
„თბილსერვის ჯგუფმა" საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟი 7 ნოემბერს დაიწყო და დღემდე სამუშაოებს თბილისის გარეუბნებში ახორციელებდა. ამ უბნებში უკვე არსებული სანათი მოწყობილობები დამონტაჟდა, რომლებიც გასულ წელს ცენტრალურ რაიონებში იყო განთავსებული.
ახალი საახალწლო განათებები კი რუსთაველის, თამარაშვილის, ჩოლოყაშვილის გამზირებზე, ასევე, კოსტავას, ბარათაშვილისა და მელიქიშვილის ქუჩებზე დამონტაჟდება.
მერიის ცნობით, რუსთაველის, თამარაშვილი-ჩოლოყაშვილის გამზირებზე, ასევე, ბარათაშვილის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებზე დამონტაჟდება: ანგელოზის 3D დეკორაცია, მოეწყობა ბადისებრი ტიპის განათება ე.წ. ცა, გოგრის ფორმის 3D ეტლი, ირმები, ასევე ლოლოების ფარდა-დეკორაცია, მზის, ბურთის, ნაძვის ხისა და გულის ფორმის სათამაშოები.
რაც შეეხება თავისუფლების მოედანზე არსებულ წმინდა გიორგის მონუმენტს, ის წელსაც განათებებით მოირთვება, რომელსაც ანგელოზის 2D დეკორაცია 145 ცალი და ფლეშ სტრინგები (ბადისებრი ტიპის განათება) დაემატება.
სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე „თბილსერვის ჯგუფი" საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს ყოველწლიურად ნოემბრის პირველ რიცხვებში თბილისის გარეუბნებიდან იწყებს და დეკემბრის შუა რიცხვებამდე ასრულებს.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის, სად დადგამენ დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეს და როგორი იქნება საახალწლო ღონისძიებების განრიგი.
„თბილსერვის ჯგუფის" ცნობით, 2019 წელს დედაქალაქის უფრო მეტი უბანი შეხვდება საახალწლო დეკორაციებით.
დედაქალაქის საახალწლო გაფორმებასა და განათებაზე წელს თბილისის მერია ორ მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. გასულ წელს ამაზე მერიამ სამი მლნ ლარი დახარჯა.