თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში გრიპის ვირუსის ათი შემთხვევა ლაბორატორიულად უკვე დადასტურდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებაზე დაყრდნობით.
ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებისკენ მოუწოდებს>>>
ჯერჯერობით საქართველოში გრიპის მსგავსი დაავადებები ცირკულირებდა. მათ შორის რინოვირუსები, რასაც სურდო და გაციება ახლავს თან; პარაგრიპის ვირუსები, რომელსაც შეუძლია ცრუ კრუპის გამოწვევა ბავშვებში და მეტაპნევმოვირუსები, რომლებიც ხანდახან მძიმე ფორმით მიმდინარეობს.
სპეციალისტების განცხადებით, გრიპის ვირუსი დეკემბრის ბოლოდან გააქტიურდება და გავრცელდება, პიკს კი 2019 წლის თებერვალში მიაღწევს.
„ლაბორატორიულად დადასტურებული დაახლოებით ათი შემთხვევა უკვე გვაქვს. მოსახლეობას ამ თვალსაზრისით მოვუწოდებთ, რომ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები დაიცვას. აცრა არის ყველაზე უკეთესი პრევენციული ღონისძიება", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, აუცილებელია ზოგადი ჰიგიენური ნორმების დაცვა, ოთახის განიავება და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში ოჯახის ექიმისთვის მიმართვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს დახმარებით ვირუსის საწინააღმდეგო აცრები 39 ათასმა ადამიანმა ჩაიტარა, კიდევ 10 ათასი ადამიანის აცრა კი კერძო სექტორმა დააფინანსა.
წელს სახელმწიფომ გრიპის საწინააღმდეგო 40,9 ათასზე მეტი ვაქცინა შეიძინა. ქვეყანაში შემოტანილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ჰოლანდიური ვაქცინა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი აფთიაქებში შეძენა. პრეპარატის ღირებულება 30 ლარია.
ქართველი მედიკოსების განცხადებით, ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული, უსაფრთხოა და გამოცდილი.
ვაქცინაცია 50-60%-ით ამცირებს ინფიცირების რისკს.
გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებებს, შესაბამისად, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აუცილებელია გრიპის სეზონის წინ, ყოველ წელს, ექიმის რეკომენდაციით. უკვე ავადმყოფობის დროს კი აცრა ეფექტური აღარ არის.