თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისი სიძის, მინდია გოგოჭურის დაკავებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.
მინდია გოგოჭური, რომელიც მარგველაშვილის გერის სამოქალაქო მეუღლეა, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს იარაღის შენახვის ბრალდებით სამი დღის წინ დააკავეს.
„მინდა, ამასთან დაკავშირებით საზოგადოება ძალიან მოკლედ ვუთხრა, რომ არანაირი მცდელობა შანტაჟის ჩემ მიმართ და, ბუნებრივია, არანაირი გარიგებაც ამ მიმართულებით არ ყოფილა. ასე ვთქვათ, გემოვნების საკითხია, თუ ვინ როგორ ხედავს ამ საკითხს. მე ყველა ეტაპზე, ყველა საკითხზე, რაც მიმდინარეობდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, კომენტარი და შეფასება მქონდა გაკეთებული, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ, მინდა იცოდეს საზოგადოებამ - არანაირი მცდელობა იმის, რომ ვინმეს შანტაჟი მოეხდინა არ ყოფილა და არც არანაირი გარიგება არსებობს არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
გოგოჭურს ბრალდება 7 დეკემბერს წაუყენეს. პროკურატურის ვერსიით, არსებობდა სამხილების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე, რის გამოც მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: სასამართლომ პრეზიდენტის სიძე პატიმრობაში დატოვა >>
მინდია გოგოჭურს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-თარების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. თავად გოგოჭური ბრალს არ აღიარებს. დანაშაული 8-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმის განხილვა სასამართლოში 25 იანვარს გაგრძელდება.
მინდია გოგოჭური სამართალდამცველებმა 5 დეკემბერს დააკავეს თბილისში გიორგი რაზმაძესთან ერთად, რომელიც პირის დაჭრასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაშია ბრალდებული.
მინდია გოგოჭური პრეზიდენტ მარგველაშვილის მეუღლის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.
გოგოჭური პირველად არ მოხვედრილა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. იგი ივლისში თავდასხმისას ფეხის არეში დაჭრეს და საავადმყოფოში იყო მოთავსებული.
მანამდე, 2017 წლის იანვარში კი ის და მისი მეგობარი ბალანჩივაძის ქუჩაზე სროლისას დაჭრეს.