გიორგი მარგველაშვილმა და სალომე ზურაბიშვილმა ზურაბ ჟვანიას ხსოვნას პატივი მიაგეს

© photo: Sputnikგიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი
გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას დღეს 55 წელი შეუსრულდებოდა

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზურაბ ჟვანიას დაბადების 55-ე წლისთავთან დაკავშირებით 13 წლის წინ გარდაცვლილი პრემიერ-მინისტის ხსოვნას პატივი მიაგო, ნათქვამია პრეზიდენტის Facebook-გვერდზე.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი სამხედროებს გამოემშვიდობა

დღეს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას 55 წელი შეუსრულდებოდა. მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, ზურაბ ჟვანიას საფლავი გიორგი მარგველაშვილთან ერთად ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყვავილებით შეამკო.

„მისი სიკვდილის გამო ტკივილი არც განელებულა და სამწუხაროდ, არც ბოლომდე გვინახავს გამოძიების შედეგი. მართლაც არასასიამოვნოა, რომ ჩვენ ბოლომდე არ ვიცით და პასუხი არ არის გაცემული ამ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ლიდერის მკვლელობის თაობაზე. არ განელებულა არც ზურას, როგორც სტრატეგიული აზროვნების პოლიტიკოსის საჭიროება. კიდევ ერთხელ ვიხსენებ მის ღვაწლს და კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო სიყვარული მის მიმართ და თანადგომა მისი ოჯახის მიმართ”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ზურაბ ჟვანია თანამედროვე ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო. ის 2005 წლის 3 თებერვალს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან რაულ იუსუპოვთან ერთად კონსპირაციულ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ჟვანიასა და იუსუპოვის ტრაგიკული გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა — გამათბობლიდან გამოყოფილი მხუთავი აირით მოწამვლა გახდა; თუმცა პრემიერის გარდაცვალების ამ მიზეზის დღემდე არ სჯერა ბევრ მის თანამოაზრეს, რომლებიც მკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავენ.

ზურაბ ჟვანიას ხსოვნის უკვდავსაყოფად მისი სახელი მიენიჭა თბილისის ერთ-ერთ მოედანსა და ქუჩას, ასევე ქუთაისში სახელმწიფო ადმინისტრირების უმაღლეს სკოლას, რომლის გახსნის ინიციატორი თავის დროზე თავად იყო. საქართველოს პარლამენტში, რომელშიც ის 1995 წლიდან 2003 წლამდე მუშაობდა, მისი ბიუსტი დგას. მონუმენტი 2006 წლის 9 დეკემბერს დაიდგა, იმ დღეს ზურაბ ჟვანია 43 წლის გახდებოდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0