იტალიელი ტენორი და ქართული გუნდი – თბილისში „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" გაიმართება

© FB / Tbilisi State Conservatoireთბილისის კონსერვატორია
თბილისის კონსერვატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" თბილისში 1997 წლიდან იმართება.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. თბილისში 21-ე საერთაშორისო ფესტივალზე „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" გამოვლენ ცნობილი მუსიკოსები საქართველოდან, გერმანიიდან, იტალიიდან და უკრაინიდან.

ფესტივალი 15-28 დეკემბერს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

ფესტივალს გახსნის უკრაინელი პიანისტის, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატის ვადიმ ხოლოდენკოს საღამო.

შემდეგ ფესტივალის პროგრამაშია ორი საიუბილეო შემოქმედებითი საღამო – 17 დეკემბერს გაიმართება ცნობილი ქართველი კომპოზიტორის იოსებ ბარდანაშვილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი, ხოლო 19 დეკემბერს – გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, ბიძინა კვერნაძის 90 წლისადმი მიძღვნილი საღამო.

საქართველოს კამერული ორკესტრი - Sputnik საქართველო
თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი მუსიკოსი თბილისელებისთვის ორ კონცერტს გამართავს

ვოკალური მუსიკის კონცერტზე 21 დეკემბერს გამოვლენ იტალიელი ტენორი ალიჩე კუინტავალა, ქართველი ბარიტონი მიხეილ ქირია და ტენორი მიხეილ შეშაბერიძე. მათ თანხლებას გაუწევს ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი.

პოპულარული გერმანელი ორგანისტი მარტინ შტურმი ქართველი მსმენელისთვის 23 დეკემბერს დაუკრავს, ხოლო ცნობილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია კონცერტზე 23 დეკემბერს გამოვა.

ფოლკლორის საღამოში 26 დეკემბერს მონაწილეობენ ვოკალური ანსამბლი „შილდა", „გალობის უნივერსიტეტის გუნდი". ფესტივალი 28 დეკემბერს კომპოზიტორ ნოდარ გაბუნიას 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამოთი დასრულდება.

ბილეთები იყიდება კონსერვატორიის სალაროში და ონლაინ.

„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" 1997 წელს დაარსდა. ფესტივალის ინიციატორი იყო საქართველოს სახალხო არტისტი, იმჟამად თბილისის კონსერვატორიის რექტორი მანანა დოიჯაშვილი. ღონისძიება ყოველ წელს დეკემბრის მეორე ნახევარში იმართება და ორი კვირა გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0