ხშირად ვამბობთ, რომ სიკეთე გადამდებია, მაგრამ ნამდვილი სიკეთის არსს ხშირად ვერ ვწვდებით. არ შეიძლება მას ფორმალური ხასიათი ჰქონდეს და წინასწარ გასაკეთებელ საქმეთა ნუსხაში რიგით ნომრად შევიტანოთ.
წინამდებარე პუბლიკაციაში გვსურს ერთი უჩვეულო ადამიანი შეგახსენოთ, ან, სულაც, გაგაცნოთ, რომლის სიკეთისა და ცხოვრების ამბავი თავის დროზე ქართულმა ტელემედიამ გაავრცელა.
ის საჩხერის ორგანიზაცია „შშმ პირთა თანადგომა-ინტეგრაციის“ ბენეფიციარია. მასზე სასაუბროდ ორგანიზაციის ხელმძღვანელს გიგო ასანიძეს დავუკავშირდით, რომელიც რეგიონში მცხოვრებ 90 ადამიანზე ყოველგვარი სახელმწიფო დახმარების გარეშე ზრუნავს.
— ბატონო გიგო, თქვენი ერთი ბენეფიციარი ქალბატონის შესახებ „იმედის გმირების“ მეშვეობით მთელმა საქართველომ გაიგო...
— საჩხერეში ცხოვრობს შუა ხნის ქალბატონი ნათელა ხარაიშვილი, რომელიც უკვე 26 წელია ლოგინადაა ჩავარდნილი. მისი ცხოვრების ამბავი ძალიან ტრაგიკულია: სკოლას ამთავრებდა, როცა ავტოკატასტროფაში მოხვდა და ხერხემალი დაუზიანდა. ამის მერე ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში მყოფმა რწმენა არ დაკარგა. რთული დღეები გამოიარა, მაგრამ შეძლო და განათლება მიიღო — თავისით ისწავლა ინგლისური და რუსული ენები, ასევე გერმანულიც, წერს და გამოსცემს წიგნებს...
— რამდენადაც ვიცი, დღეს სხვებსაც ასწავლის.
— დიახ, ახლა ბავშვებს ამზადებს. ადრე დედა უვლიდა, მაგრამ მერე ისიც ლოგინად ჩავარდა, ორი წლის წინ კი გარდაიცვალა.
დღეს ქალბატონ ნათელას უკვე შეუძლია საწოლიდან ეტლში გადმოსვლა, მაგრამ მისი საცხოვრებელი არ არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისთვის. თანაც, მოეხსნა სოციალური დახმარებაც.
2007 წელს, როცა ამ ქალბატონმა „იმედის გმირებში“ გაიმარჯვა, მაშინ ერთი წლის განმავლობაში იღებდა გარკვეულ თანხას. შეიძლება ვინმეს დაუჯერებლად მოეჩვენოს, მაგრამ მთელი ეს თანხა გაჭირვებულებს დაახარჯა. თუმცა ამ თემაზე საუბარი არ უყვარს. ვფიქრობ, საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს, სახელმწიფომ კი ასეთ გმირ ადამიანებს ყურადღება უნდა მიაქციოს.
— თქვენმა ორგანიზაციამ ბევრ ადამიანს გაუწოდა დახმარების ხელი...
— ორგანიზაცია „შშმ პირთა თანადგომა-ინტეგრაცია“ ორი წლის წინ დავაფუძნეთ. ჩვენი ძირითადი მისია იმ ადამიანებთან მისვლაა, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ. ყველაზე დიდი პრობლემა იზოლირებული გარემოს გარღვევა და ასეთ ადამიანებთან ახლო კონტაქტია.
ჩვენ ინკლუზიური განათლების მიმართულებითაც ვმუშაობთ, ძირითადად, ენთუზიაზმზე. სახელმწიფოსგან დახმარება არ გაქვს და მცირედი შემოწირულობებით ვარსებობთ. ამ ეტაპზე უკვე 90 ადამიანთან ვართ ნამყოფი, შესწავლილი გვაქვს მათი პირობები და საჭიროებები. ხშირად ვატარებთ ღონისძიებებს, ტრენინგებს, პრეზენტაციებს, ექსკურსიებს...
— სანამ აცივდებოდა, უჩვეულო ექსკურსია მოუწყვეთ.
— განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა სწორედ იმ ექსკურსიებს, რომელიც თითქმის მიუვალ ადგილზე, ჭიათურაში, კარსტულ მღვიმესა და მანდაეთის წყალსაცავზე მოვაწყვეთ. უსინათლოები და ეტლით მოსარგებლეები გვახლდნენ როგორც საჩხერიდან, ისე ჭიათურიდან და თბილისიდან. სახელდახელოდ პანდუსი მოვაწყვეთ მათთვის და მღვიმეში ჩასვლა მოახერხეს.
საინტერესო იყო ის უჩვეულო შეგრძნებები, რაც იმ ადგილზე ჩასვლამ გამოიწვია. გვითხრეს, რომ მსგავსი რამ არასდროს განუცდიათ.
მაღალმთიან სოფელ პერევში სმენისა და მეტყველების არმქონე ცოლ-ქმარს ვეწვიეთ, თან ეტლით მოსარგებლეები გვახლდნენ. ამ მოულოდნელმა სტუმრობამ ენით აუწერელი სიხარული გამოიწვია.
ჩვენი ბენეფიციარია განათლებული, ნიჭიერი ადამიანი, ბატონი ჯაბა სადღობელაშვილი, რომელიც წლებია მწოლიარეა. გვყავს რამდენიმე შშმ ბავშვი, მათ შორისაა ათი წლის ლუკა შევარდნაძე, რომელმაც შშმ პირთა საერთაშორისო სასიმღერო ფესტივალზე საპრიზო ადგილი დაიკავა. ახლა უკრაინაშია მიწვეული.
შარშან საქველმოქმედო კონცერტი ჩავატარეთ. ჩვენი წარმომადგენელი ხათუნა თურმანიძე, რომელიც შემოქმედებითი ნიჭითაა დაჯილდოებული, ამ კონცერტის ორგანიზატორი გახლდათ. შემოწირული თანხით ფულადი და სასურსათო დახმარება გაეწია ათობით ბენეფიციარს. დიდ მადლობას ვუხდი ყველა შემომწირველს, ვინც გულწრფელად დაგვიდგა გვერდში.
ახალი წლის წინ ბავშვებს თოვლის ბაბუასთან წერილები დავაწერინეთ, რომლებიც შემდეგ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა. მინდა გითხრათ, რომ გამოჩნდნენ „თოვლის ბაბუები“, რომლებიც ბავშვებს, იმედია, დანაპირებს შეუსრულებენ.
— რა არის თქვენთვის სიკეთე?
— სიკეთის ქმნა ადამიანისთვის ცხოვრების წესი უნდა იყოს. როცა განსაკუთრებული პრობლემების მქონე ადამიანების წინაშე ვდგავართ, მთავარია, მათი სატკივარი გავითავისოთ და შეუძლებელი შევძლოთ, რათა ცხოვრება მათთვის მხოლოდ ტკივილის მოთმენა არ იყოს...