თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში 2019 წლის აპრილიდან მძღოლებს ნარკოტიკების მოხმარებაზე სპეციალური ტესტებით ადგილზე შეამოწმებენ, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირაში დაამტკიცა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც, მათ შორის, ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ავტომობილის ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში მართვისთვის. ეს დაისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით.
„რომ არ გამოვიყენოთ არაჰუმანური მეთოდები, რომლებიც ბევრ უკმაყოფილებას იწვევდა, ვნერგავთ სპეციალურ ტესტებს. 1 აპრილიდან გამოვიყენებთ მას მძღოლების შემოწმებისთვის, რაც მოგვცემს საშუალებას დავადგინოთ, მართავს თუ არა მძღოლი ავტომობილს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ", – განაცხადა მეზვრიშვილმა.
ამგვარად, პოლიციას არ მოუწევს მძღოლების ლაბორატორიაში გადაყვანა, რათა მათ ნარკოტიკების შემოწმებისთვის ანალიზი ჩააბარონ.
სანამ შესწორებები ამოქმედდება, ნარკოტიკული თრობის ქვეშ ავტომობილის მართვა ადმინისტრაციული წესით – მართვის უფლების ჩამორთმევით ისჯება.