ამ დღეებში რომში საერთაშორისო სამეჯლისო კონკურსი მიმდინარეობს სახელწოდებით „ბალანდო კონ ლა სტელე“, ანუ „იცეკვე ვარსკვლავებთან ერთად“, რომელშიც ოზურგეთელი ცოლ-ქმარიც მონაწილეობს. მათ უკვე წარმატებით გადალახეს კონკურსის პირველი ტური და აჭარული ცეკვით იტალიელებზე დიდი შთაბეჭდილებაც მოახდინეს. იმდენად დიდი, რომ იტალიის ტელევიზიის პირველმა არხმა მათგან ინტერვიუ აიღო.
კაკო ქინქლაძე და ლელა შოვნაძე ნატანებიდან არიან. ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ, ერთადაც იმ დროდან ცეკვავენ და მათი სიყვარულიც ბავშვობისდროინდელია.
ლელა შოვნაძე ქუთაისის საბავშვო მუსიკალური თეატრის ქორეოგრაფი გახლდათ. პროფესიით ინჟინერ-მშენებელსა და გამოცდილ ქორეოგრაფ კაკო ქინქლაძეს კი საქართველოში არაერთი მოცეკვავე ჰყავს აღზრდილი. დღეს იტალიაში მუშაობენ, ქართული ცეკვის სტუდიაში ნებისმიერ მსურველს ასწავლიან და აყვარებენ ქართულ ცეკვას. ბატონ კაკოს ქალაქ ბარში დავუკავშირდით.
— ბატონო კაკო, როგორც ვიცი, იტალიაში ქართული ცეკვის საბავშვო სტუდია გაქვთ გახსნილი, ვინ გაგიწიათ დახმარება?
— ჩვენი ქართული ცეკვის სტუდია „ფესვები“ საქართველოს საპატიო საკონსულოსა და ასოციაცია „ფესვებთან“ ჩამოყალიბდა. აქ ორი ჯგუფი გვყავს — დიდებისა და პატარებისა, რომლებიც ძირითადად მამით იტალიელები არიან. პატარების ჯგუფში 20 ბავშვია, დიდებში კი ათი ადამიანი. რეალურად ცეკვის შესწავლა გაცილებით მეტს სურს, მაგრამ დროის უკმარისობისა და მანძილის სიშორის გამო სტუდიაში ვერ მოდიან.
თუმცა ამაზე საქართველოს საკონსულომ და ასოციაცია „ფესვების“ ხელმძღვანელობამ — ნინა ზურაბიშვილმა და მანანა მემანიშვილმა და ოსვალდო მაჩიპინტომ (Osvaldo Masciopinto) უკვე იზრუნეს. მათ გადმოგვცეს ავტომობილი, რომლითაც ბავშვებს ვემსახურებით და სტუდიაში ვატარებთ. ამ ადამიანების გარეშე ვერაფერს შევძლებდით, გვერდით გვიდგანან და ქართველი ემიგრანტი ბავშვებისთვის ყველაფერს აკეთებენ.
მინდა ასეთ ადამიანებს მეტად აფასებდნენ ჩვენ ქვეყანაში. გასაგებია, რომ ეს ორი ქალბატონი ქართველია და ისინი ქართული სულით იბრძვიან, მაგრამ ბატონი ოსვალდო მაკვირვებს. ესაა იტალიელი, რომელსაც ქართველზე არანაკლებად უყვარს საქართველო და მის ინტერესებს იცავს. უდიდეს მადლობას ვუხდი მას ქართველი ემიგრანტების სახელით.
— თქვენი მოსწავლეებიდან ყველაზე მეტად რომელს გამოარჩევთ?
— პატარებიდან თითქმის ყველაზე შემიძლია ბევრი რამ ვთქვა, მაგრამ განსაკუთრებით მინდა ვახსენო მატეო ჯაფარიძე, რომელიც ქართულ ცეკვას მეტად თავისებურად — წოლით პოზიციაში სწავლობს. როცა ყველანი ფეხის ცერებზე დგომას ცდილობენ, მატეო ამ დროს იატაკზე წვება ხოლმე და ისე აკვირდება მათ. ყველა კარგი ბავშვია, არ დავკონკრეტდები, რომელიმეს რომ არ ვაწყენინო.
უფროსებში მინდა გამოვყო 18 წლის მარიამ ნიშნიანიძე, ნიჭიერი გოგონა, რომელსაც ქართულ ცეკვებში განსაკუთრებით ვაჟის პარტია იზიდავს. შესანიშნავადაც ასრულებს. მის ცეკვაში სულს ვხედავ...
— ამჟამად იტალიურ კონკურსში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მონაწილეობთ. როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ქართულმა ცეკვამ იტალიელებზე?
— კონკურსში, რომელსაც ჰქვია „ბალანდო კონ ლა სტელე“, ანუ „იცეკვე ვარსკვლავებთან ერთად“, ერთ-ერთ ნომრად უცხო ქვეყნის ცეკვაცაა გათვალისწინებული. ამ კონკურსზე „ვარსკვლავები“ ჩვენ ვართ, იტალიელებს კი პატივი აქვთ, იცეკვონ ჩვენთან ერთად.
პირველ ტურში „აჭარული“ შევასრულეთ და უმაღლესი შეფასება დავიმსახურეთ. მორიგ ტურში მე და ჩემმა მეუღლემ „მთიულური“ უნდა ვიცეკვოთ. აქაური კონკურსის წესების თანახმად, ჯერ ჩვენ ვიცეკვებთ და შემდეგ ცეკვას მონაწილეებს, ანუ კონკურსანტებს ვასწავლით.
— იტალიური პუბლიკის აპლოდისმენტები დაიმსახურეთ, მაგრამ პროფესიონალების ყურადღება თუ მიიქციეთ?
— ოოო, მათი ემოციების გადმოცემა მართლა რთულია, სიტყვებს ვერ ვპოულობ რომ გითხრათ, ეს რა განცდა იყო. ჩვენი ცეკვის შემდეგ ემოციები გამოხატეს შეძახილებით „ბრავისიმი!“ „ვოვ!“. კონკურსს იტალიის ტელევიზიის პირველი არხი და იტალიის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. მე მათ ნაკლებად ვიცნობ, მაგრამ ჩემი მეუღლე ნამდვილად ვერ ფარავდა ემოციებს, როცა პირადად მილი კარლუჩი უსვამდა კითხვებს — ძალიან ცნობილი ტელეწამყვანი.
ამ ადამიანმა დიდი ინტერესი გამოიჩინა ჩვენი ცეკვისა და ეროვნული სამოსის მიმართ. ყველა იმდენად დაინტერესდა ჩვენი ფორმებითა და ცეკვით, რომ ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ინტერვიუ ჩამოგვართვეს და საქართველოსა და მისი ხელოვნების მიმართ სიმპათია გამოხატეს. ყველაზე მეტად იმ ფაქტით დაინტერესდნენ, რომ ქართულ ცეკვაში ქალი და მამაკაცი ერთმანეთს არ ეხებიან.
— ნებისმიერი კონკურსის დროს ხდება ხოლმე რაღაც გაუთვალისწინებელი მომენტები...
— არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. ისე მოხდა, რომ საცეკვაო ფორმა წინა ღამეს შეიკერა. ჩვენმა სტილისტმა, ქალბატონმა როზეტა კიტოვანმა, სიცხიანმა (39 გრადუსი ჰქონდა) მთელი ღამე გაათენა და კაბა მაინც დაასრულა. ლელამ გასვლის წინ ჩაიცვა და აღმოჩნდა, რომ კაბა მკლავებზე ცოტა უჭერდა და ხელის ყოველ მოძრაობაზე ირღვეოდა. ლელა ძალიან განერვიულდა, როცა სამი ადამიანი დავდევდით უკან ნემსითა და ძაფით.
ამას ისიც დაემატა, რომ მუსიკაც ჩამოგვიჭრეს და ცეკვისთვის მხოლოდ წუთ-ნახევარი მოგვცეს. ერთი კვირა რეპეტიციებში ვათენებდით და ვაღამებდით, მაგრამ იქიდან, რაც მოვამზადეთ, არც ერთი ილეთი არ შეგვისრულებია, სულ სხვა ნახაზი ვიცეკვეთ იმპროვიზაციულად. ვცეკვავდით და ლელას კაბაც თანდათან იხსნებოდა. კიდევ კარგი, რომ დრო შეგვიმცირეს, თორემ რა მოხდებოდა, ვინ იცის?!
ახლა კი ვიცინით, ამ ამბავს რომ ვიხსენებთ, მაგრამ ლელას მაშინ ნერვიულობისგან ცრემლები სდიოდა. მომდევნო ტურში „მთიულური“ უნდა შევასრულოთ და კაბას ბევრ „სტროჩკას“ დავარტყამთ, გამოცდილება უკვე გვაქვს.
— ბატონო კაკო, ყველაზე მეტად გურულ კაცს რა გენატრებათ იტალიაში?
— მეც გურული ვარ და ლელაც, ორივე ნატანებლები ვართ, ოღონდ, როგორც ვხუმრობთ ხოლმე, მე ზემოდან ვარ, ლელა — ქვემოდან. 12 წლის ვიყავი, ერთმანეთი რომ გავიცანით, მაგრამ ნატანებში კი არა, საირმეში. ლელა იქ თავისი დედის თირკმლის გამო იყო, მე — დედაჩემის. გამოდის, რომ დედის თირკმელს უნდა ვუმადლოდეთ შეხვედრას.
ერთმანეთს ხელახლა ბავშვობაში ჩხუბიდან 30 წლის მერე შევხვდით... მთელი ჩვენი მოგონებები გურიასთანაა დაკავშირებული და ყველაფერი გვენატრება, ყველაზე მეტად კი ძველი ნატანები. ხშირად ვიხსენებთ იმ დროს, როცა გვიყვარდა და ვჩხუბობდით...
იტალიაში კარგად ვართ, მაგრამ მაინც ჩემი ქართული ცხოვრება მენატრება, საკუთარ ოჯახთან ყოფნა მენატრება, მონატრების გარეშე ყოფნა მენატრება...