გაქრობის პირას: საქართველოში თუშების ენას გადაარჩენენ

გამოწერა
მაღალმთიანი თუშეთის სოფელ ზემო ალვანში თუშურ ენაზე მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანიღა საუბრობს.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. წოვათის ხეობის თუშების სასაუბრო ენა გაქრობის საფრთხის წინაშეა, მის გადასარჩენად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, იუწყება გამოცემა „მთის ამბები".

თუშეთის სათემო საბჭოს მონაცემებით, ამ ენაზე მხოლოდ სოფელ ზემო ალვანის რამდენიმე ათეული ადამიანიღა საუბრობს. სამეცნიერო ლიტერატურაში ენა მოხსენიებულია როგორც წოვა-თუშური, წოვათური. თუმცა, სათემო საბჭო ენას თუშურს უწოდებს და ენათმეცნიერებისგანაც ამას მოითხოვს.

„პირველ ეტაპზე სამუშაო ჯგუფი დაგეგმავს, რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს. ასევე შეიქმნება და გამოიცემა წოვათის თუშების სასაუბრო ენის აუდიო-ვიზუალური ლექსიკონი. ხოლო ახმეტის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება სამუშაო ჯგუფს დეკემბრის ბოლომდე წარუდგენს დოკუმენტს, რომლის თანახმად ცნობილი გახდება, თუ როგორ შეძლებენ ზემო ალვანის საბავშვო ბაღში ენის სწავლებას", – წერს გამოცემა.

თუშეთი - Sputnik საქართველო
თუშეთის მოსახლეობა შვიდი თვის განმავლობაში უფასო ინტერნეტით ისარგებლებს

რაც შეეხება ზემო ალვანის საჯარო სკოლას, აქ პირველ ეტაპზე ენის სწავლების წრე გაიხსნება.

გარდა ამისა, თუშების სათემო საბჭოს ინიციატივით 2019 წლის ზაფხულში თუშეთის სოფელ ტბათანაში შეიძლება 7-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის ენის სასწავლო საზაფხულო ბანაკი მოეწყოს.

სამუშაო ჯგუფი აღნიშნული იდეის რეალიზებისთვის ფინანსური რესურსების მოძიებას გეგმავს.

სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება, რომლის ჩამოყალიბებაც დეკემბრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული, გამოიტანეს ენაცმეცნიერებმა, თუშების სათემო საბჭოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ასევე ზემო ალვნის საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის ხელმძღვანელებმა. შეხვედრის ორგანიზატორი იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო აქტივობების ცენტრი.

როგორც მასალაშია აღნიშნული, გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ენის გადასარჩენად ყველა ხარჯს ახმეტის მერია დაფარავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0