სიტუაცია აუცილებლად გეცნობა – საბავშვო ბაღის მასწავლებელი მოულოდნელად სამსახურში გირეკავს – პატარას სიცხე აქვს, ძალიან ახველებს. გულგახეთქილი გარბიხარ და პირველი, რასაც ფიქრობ, არის: ფილტვების ანთება ხომ არ აქვს?! სადღაც გაგიგია, რომ პნევმონია ადრეულ ასაკში ერთ-ერთი „მკვლელი“ დაავადებაა, ამიტომაც ძალიან გეშინია.
პნევმონია, ანუ ფილტვის ქსოვილის ანთება სხვადასხვა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს, თუმცა ბავშვთა ასაკში ძირითადად გვხვდება, როგორც ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების გართულება.
წარმოშობის მიხედვით ორი ტიპის პნევმონიას ვარჩევთ – საზოგადოებაში შეძენილს და საავადმყოფოს შიდა ინფექციას. ეს უკანასკნელი ვითარდება ჰოსპიტალიზაციის დროს, კლინიკაში არსებული რომელიმე მიკრობის ზეგავლენით.
პნევმონიას, როგორც ზოგადად სასუნთქი გზების ინფექციებს, ახასიათებს ხველა, ცხელება, თუმცა მხოლოდ ამ ნიშნებით მასზე ეჭვის მიტანა ძნელია.
დაავადების დიაგნოსტირება, რა თქმა უნდა, ექიმის საქმეა, მაგრამ ეჭვის მიტანა ამ დაავადებაზე ყველა დედამ უნდა იცოდეს.
ამისათვის დათვალეთ სუნთქვის სიხშირე.
როგორ დავთვალოთ სუნთქვა?
– სუნთქვის აქტი ორი ფაზისგან შედგება – შესუნთქვა და ამოსუნთქვა. ამ ორი ფაზის დათვლით ვიღებთ ერთ სუნთქვით აქტს.
ადრეული ასაკის ბავშვები ხშირად სუნთქავენ. პნევმონიის დროს სუნთქვის სიხშირე კი განსაკუთრებით იზრდება.
სუნთქვა აუცილებლად მშვიდ მდგომარეობაში უნდა დათვალოთ, რადგან მოძრაობისას ის ხშირდება.
აუცილებლად დათვალეთ ერთი წუთის მანძილზე სრულად, რადგან ბავშვებში სუნთქვა არიტმულია.
გადაუდებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ თქვენი პატარას სუნთქვის სიხშირე ერთი წუთის მანძილზე არის:
2 თვემდე – 60 და მეტი
2 თვიდან 1 წლამდე – 50 და მეტი
1-დან 2 წლამდე – 40 და მეტი
2-დან 5 წლამდე – 30 და მეტი
სუნთქვის გახშირება ქვედა სასუნთქი გზების დაავადებების, მათ შორის პნევმონიის, ბრონქოსპაზმის მთავარი ნიშანია და ამიტომ დახმარებისათვის ექიმს დაუყოვნებლად უნდა მიმართოთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!