თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ყოველწლიური ღვინის ფესტივალისა და მეღვინეობის კომპანია Iago's Wine-ის მფლობელი იაგო ბიტარიშვილი გამოდის წინადადებით, რომ საკონცერტო დარბაზი რიყის პარკში ქართული ღვინის მუზეუმად გადაიქცეს.
ვებ-გვერდზე manifest.ge ბიტარიშვილმა შექმნა შესაბამისი პეტიცია, რომლის ადრესატი არიან საქართველოს მთავრობა, თბილისის მერია და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
„საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის მსოფლიოში უძველესი ნაკვალევია აღმოჩენილი. ღვინის ისტორია ნეოლითის ხანაში დაიწყო და ამის დამადასტურებელი ფაქტები ყველაზე ცხადად ჩვენს ქვეყანაში გამოჩნდა. არაერთმა არქეოლოგიურმა აღმოჩენამ დაადასტურა, რომ... საქართელოს ტერიტორიაზე არა მხოლოდ პირველი კულტურული ვაზი გვხვდება, არამედ ღვინის პირველი ნიშნებიც. აქედან გამომდინარე აუცილებლად მიგვაჩნია საქართველოში და კერძოდ, თბილისში შეიქმნას მაღალი დონის ქართული ღვინის მუზეუმი, რომელიც ქვეყნის და ჩვენი დედაქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება", - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.
ბიტარიშვილი მიიჩნევს, რომ საკონცერტო დარბაზი რიყის პარკში, რომელიც მსოფლიოში ცნობილმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუკსასმა დააპროექტა, ყველაზე კარგად მიესადაგება ღვინის მუზეუმს და „მისი რენტაბელობის გარანტია" გახდება.
საკონცერტო დარბაზი რიყის პარკში ორ ცილინდრულ ნაგებობას წარმოადგენს. მის შიგნითაა მუსიკალური თეატრი და საგამოფენო დარბაზი. ფორმის გამო თბილისელები მას, უბრალოდ, „ტრუბებს" ან „დოქებს" უწოდებენ.
პროექტი 75 მლნ ლარი დაჯდა. მისი მშენებლობა 2012 წელს დასრულდა და დღემდე არ ფუნქციონირებს. 2018 წლის დასაწყისში თბილისის მერმა კახა კალაძემ პირობა დადო, რომ დედაქალაქის ხელისუფლება მოიფიქრებდა, რა ფუნქცია მიეცა შენობისთვის.
პეტიციის ხელმომწერებს შორის არიან არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ ასევე ქართველი ემიგრანტები და კვიპროსში, საბერძნეთში, გერმანიაში, შვედეთში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, უკრაინასა და რუსეთში მცხოვრებნი.