თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულები თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ნავთიანში მცხოვრები მოქალაქის სახლზე ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ. ხუთივე მათგანი სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი თავდასხმის განსახორციელებლად თეთრიწყაროს რაიონში კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.
„პოლიციამ აღნიშნული ავტომობილიდან ყაჩაღური თავდასხმისთვის წინასწარ გამზადებული ნივთები: წებოვანი ლენტი, პლასტმასის ე.წ. „ხამუთები", 4 დანა, 3 ნიღბად გადაკეთებული შავი ფერის ქუდი, ნაჭრის ხელთათმანები და სახლის მეპატრონის კუთვნილი ძაღლის მოწამვლის მიზნით მომზადებული, სავარაუდოდ, მოწამლული ხორცის ნაჭრები ამოიღეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები წარსულში მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი პირები არიან, მათი ასაკი 25-დან 38 წლამდე მერყეობს.
საქმეზე გამოძიება ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.