საქართველოს „მის სამყაროზე" თელაველი ლამაზმანი წარადგენს

© Lara Yan / FBლარა იანი
ლარა იანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელს, რომელიც სიმღერითაა გატაცებული, სურს, რომ საქართველო სილამაზის პრესტიჟულ კონკურსზე ღირსეულად წარადგინოს

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე Miss Universe – 2018, რომელიც ტაილანდში 17 დეკემბერს დაიწყება, 25 წლის მოდელი ლარა იანი წარადგენს.

ლარა ტაილანდში 29 ნოემბერს გაემგზავრა. მან Miss Universe – 2018-ში მონაწილეობის უფლება ავტომატურად მოიპოვა, როცა გახდა „ვიცე-მის საქართველო - 2017". მოდელი წარმოშობით თელაველია, დიდხანს ცხოვრობდა რუსეთში, რის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

„სამი წელია, რაც თბილისში ვცხოვრობ. ყოველთვის ბევრს ვმოგზაურობდი, მაგრამ სამშობლოში დაბრუნება სულ მინდოდა, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს საქართველო. ძირითადად, რუსეთში ვცხოვრობდით. დედა ქართველი მყავს, მამა - სომეხი, რომელიც საქართველოში დაიბადა და გაიზარდა", - აღნიშნა ლარამ „Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.

სამოდელო კარიერა ლარამ რუსეთში 17 წლისამ დაიწყო. ოჯახი ამას თავდაპირველად გართობად აღიქვამდა და არ ეგონა, რომ ეს სერიოზულ კარიერაში გადაიზრდებოდა.

ასეთ კონკურსზე საქართველოს წარდგენა ლარასთვის არის სიხარულიცა და დიდი პასუხისმგებლობაც. მოდელი ყველანაირად მოემზადა, რათა საქართველო ამ კონკურსზე ღირსეულად წარადგინოს.

„ყოველი გოგონასთვის თავისი ქვეყნის წარდგენა ისეთ დიდ კონკურსზე, როგორიც Miss Universe-ია, უზარმაზარი პასუხისმგებლობა და პატივია. ამიტომ ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე, რომ არ შემეშალოს და არაფერი დამავიწყდეს", - ამბობს ლარა.

ლარამ იცის რუსული და ქართული ენები, სწავლობს ინგლისურსა და თურქულს. ბავშვობიდან მღერის, გამოუშვა პირველი ალბომიც, რომელსაც მსმენელს თავის დაბადების დღეზე - 1 იანვარს წარუდგენს.

„სიმღერის გარდა, ვიზაჟისტიც ვარ. რაც შეეხება მუსიკას, თავად ვწერ სიმღერებს, რომლებსაც მალე წარვუდგენ მსმენელს. არასდროს მიფიქრია, რომ, რაიმეს მისაღწევად ვინმე უნდა გყავდეს, უბრალოდ, საკმარისია, ბევრი იშრომო და ჭკვიანი იყო. მთავარია, მიზანი გქონდეს, იყო ძლიერი და მომთმენი, რადგან რეალურად ყველაფერი ისე მარტივი არაა, როგორც გვერდიდან ჩანს: გაიარე პოდიუმზე და მორჩა. ეს ძალზე რთულია და ყოველდღიურ მუშაობას მოითხოვს", - აღნიშნა ლარამ.

მოდელმა უკვე გამოაქვეყნა ფოტოები და ვიდეო ტაილანდიდან, სადაც ის სომხეთის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებთან ერთად ემზადება ღონისძიებისთვის.

„მის სამყარო" სილამაზის ყოველწლიური საერთაშორისო, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსია „მის მსოფლიოს", „მის ინტერნეშნლ"-სა და „მის დედამიწასთან" ერთად.

ყველა ახალი ამბავი
0