თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. მეცნიერებათა ევროპული აკადემიის საბჭომ (Academia Europaea) უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - საქართველოში რეგიონული ცენტრის გახსნის შესახებ, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ახალგაზრდა ქართველმა მეცნიერებმა საერთაშორისო კონკურსზე მესამე ადგილი დაიკავეს>>>
საქართველო ევროკავშირის არაწევრი პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ცენტრი დაფუძნდება.
„უაღრესად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მრავალსაუკუნოვანი, დიდი ტრადიციის მქონე ქართული მეცნიერების, ჩვენი ქვეყნის ყველა თაობის მეცნიერის, მთელი აკადემიური საზოგადოების კიდევ ერთი უდიდესი აღიარება და მსოფლიო მეცნიერებაში მისი განსაკუთრებული წვლილისა და პოტენციალის დასტურია", - განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.
მინისტრის სიტყვებით, საქართველოში Academia Europaea-ს რეგიონული ცენტრი გზას გაუხსნის ქართველ მკვლევარებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს საერთაშორისო ასპარეზზე და ხელს შეუწყობს მეცნიერებისა და კვლევითი საქმიანობის განვითარებას მთელ რეგიონში.
„თბილისის საგანმანათლებლო ჰაბი თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნება", - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.
Academia Europaea დიდი ბრიტანეთის და ევროპის სხვა ეროვნული აკადემიების ინიციატივით 1988 წელს შეიქმნა. იგი აერთიანებს გამოჩენილ მეცნიერებს მთელი მსოფლიოდან და მოიცავს კვლევის ყველა მიმართულებას.