თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველო-ავსტრიის ტურიზმის ფორუმი საქართველოს დედაქალაქში 30 ნოემბერს გაიმართება, იუწყება საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა.
ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 12 ავსტრიული კომპანია ჩამოვიდა, რომლებიც ძირითადად ტურიზმის ინფრასტრუქტურისა და სამთო-სათხილამურო ტურიზმის სექტორებს წარმოადგენენ.
ფორუმის პირველი ნაწილის მიმდინარეობისას გაიმართება პრეზენტაციები, სადაც სტუმრები საკუთარ პროდუქტებსა და შეთავაზებებს წარადგენენ.
ღონისძიების ფარგლებში სიტყვით წარდგებიან ავსტრიის სავაჭრო კომისარი გეორგ კარაბაჩეკი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე. ასევე, ფორუმი ითვალისწინებს კითხვა-პასუხის რეჟიმსაც, სადაც ფორუმზე წარმოდგენილი ავსტრიული კომპანიების საქმიანობასა და ინტერესებს განიხილავენ.
საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ცნობით, ავსტრიული კომპანიების საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანი გამოცდილების გაზიარება და პოტენციური ბიზნეს-პარტნიორების მოძიებაა.
„სტუმარი სუფრასთან“ – National Geographic-მა საქართველოზე „გემრიელი“ სტატია „გამოაცხო“ >>
გაიმართება ორმხრივი ბიზნეს-შეხვედრები, სადაც ქართულ კომპანიებს, რომლებიც შესაბამის სფეროებში ოპერირებენ, საშუალება ექნებათ მოლაპარაკებები აწარმოონ ინტერესის სფეროს შესაბამის ავსტრიულ კომპანიასთან და მათთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილონ.
ფორუმის მთავარი ორგანიზატორები ავსტრიის სავაჭრო პალატა (WKO) და საქართველოს სამთო კურორტების განვითარების კომპანია არიან.