თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც, ეგზიტპოლების მონაცემებით, არჩევნებს აგებს სალომე ზურაბიშვილთან, ხელისუფლება ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაში დაადანაშაულა.
ქართული ტელეკომპანიების Rustavi2 და Imedi დაკვეთით მომზადდა ეგზიტპოლები და ორივეს შედეგებით სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. ტელეკომპანია Rustavi2-ის დაკვეთით ეგზიტპოლი მოამზადა ამერიკულმა კომპანია Edison Research–მა. ეგზიტპოლის თანახმად, საქართველოს სალომე ზურაბიშვილმა ხმების 55% მოაგროვა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 45%. შედეგები მომზადდა 17 საათის მონაცემებზე დაყრდნობით.
ტელეკომპანია Imedi–ს დაკვეთით საერთაშორისო ასოციაცია Gallup International-ის მიერ მომზადებული ეგზიტპოლის თანახმად, 18:00 საათისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 58% მოაგროვა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 42%.
„ჩვენ ორ შედეგს უკვე მივაღწიეთ - როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები, პირველი არის, რომ გაერთიანებული ოპოზიცია შედგა და ეს არის მძლავრი ძალა და მეორე, ამ არჩევნებით ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ და ეგრეთ წოდებულმა ქურდულმა ოცნებამ დაკარგა ლეგიტიმაციის ბოლო ნიშანი. მნიშვნელობა არა აქვს, რა უსულო საგანს შეიტანენ ისინი პრეზიდენტის სასახლეში. ამ ხელისუფლების საქმე დამთავრებულია იმიტომ, რომ ამისთანა სირცხვილი, რაც შეეხება დემოკრატიულ არჩევნებს, საქართველოს ჯერ არ უნახავს. ჩვენ დაველოდებით საბოლოო შედეგებს და გავაკეთებთ განცხადებას“, – განაცხადა ვაშაძემ.
დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. პრეზიდენტის სავარძლისთვის იბრძოდნენ სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და გრიგოლ ვაშაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელი.
მეორე ტურში საარჩევნო ზღვარი არ არსებობს – გაიმარჯვებს ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს.