თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო - ყველა საარჩევნო უბანი თავის დროზე, 08:00 საათზე გაიხსნა, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.
ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ>>>
საქართველოს მოქალაქეებს კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ – 39 ქვეყანაში. მთლიანობაში ამ არჩევნებზე 3 ათას 703 საარჩევნო უბანი გაიხსნა.
„დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. ყველა საარჩევნო უბანი თავის დროზე, დილის 8 საათზე გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს", - განაცხადა მიქელაძემ.
„შევახსენებ მოქალაქეებს, რომ დღეს უქმე დღეა. ყველას მოვუწოდებ აქტიურობისკენ და არჩევნების მონაწილეობისკენ. თითოეული ამომრჩევლის აქტიურობა და ხმა მნიშვნელოვანია", - აღნიშნა მიქელაძემ.
ცესკოს საინფორმაციო ცენტრი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს - ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება ტელეფონის საშუალებით: 2 51 00 51, სასურველი ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია უწყების ვებ-გვერდზე www.cesko.ge, დასძინა მან.
მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობს. 5 ნომრით კენჭს იყრის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ოპოზიციურ გაერთიანებას "ძალა ერთობაშია" წარმოადგენს, 48 ნომრით კი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერს.